ფეხბურთი

10:30 | 9.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"თქვენ ირჩევთ" - დეკემბრის თვის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი

“თქვენ ირჩევთ” – WORLDSPORT.GE-ს ტრადიციული, ყოველთვიური გამოკითხვა გრძელდება. შეგახსენებთ, ჩვენი ვებგვერდი აღნიშნულ გამოკითხვას 2016 წლის სექტემბრიდან მოყოლებული გთავაზობთ.

სანამ ნომინანტებზე ვიტყოდეთ, წესებს შეგახსენებთ, რომელიც უცვლელია: ჩვენი მკითხველი თვის საუკეთესო ფეხბურთელს ირჩევს. გამოკითხვა, როგორც აქამდე, ჩვენს ვებგვერდზე მომდევნო სამი დღის განმავლობაში განთავსდება და ხმის მიცემა ნებისმიერ ადამიანს შეეძლება. თუმცა, მხოლოდ ერთხელ, ერთ სასურველ კანდიდატზე.

ბოლო სამი გამოკითხვის გამარჯვებული მიჯრით გახდა გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც სამჯერვე დიდი უპირატესობით მოიგო. გიორგი ამჯერადაც არის ნომინანტთა შორის, თუმცა მანამდე შეგახსენებთ, "თქვენ ირჩევთ" ყველა გამარჯვებულს:

ჯანო ანანიძე (სექტემბერი 2016 წელი), ვაკო გვილია (ოქტომბერი), თორნიკე ოქრიაშვილი (ნოემბერი), ლევან მჭედლიძე (დეკემბერი), ლევან მჭედლიძე (იანვარი 2017 წელი), გიორგი მაკარიძე (თებერვალი), ჯანო ანანიძე (მარტი), გურამ კაშია (აპრილი), გრიგოლ დოლიძე (მაისი), სოლომონ კვირკველია (სექტემბერი), სოლომონ კვირკველია (ოქტომბერი), როინ კვასხვაძე (ნოემბერი), სოლომონ კვირკველია (დეკემბერი), გიორგი ჩაკვეტაძე (თებერვალი, 2018 წელი), ვაკო ყაზაიშვილი (მარტი), საბა ლობჟანიძე (აპრილი), გიორგი პაპუნაშვილი (მაისი), ვაკო ყაზაიშვილი (აგვისტო), გიორგი ჩაკვეტაძე (სექტემბერი), გიორგი ჩაკვეტაძე (ოქტომბერი), გიორგი ჩაკვეტაძე (ნოემბერი).

ახლა კი, 2018 წლის ბოლო ნომინაციაზე და დეკემბრის თვის ნომინანტებზე გადავიდეთ. ოთხი ფეხბურთელი გამოვარჩიეთ და არჩევანი თქვენზეა. მაშ ასე, ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელს „თქვენ ირჩვეთ“...

ნიკა კაჭარავა („ანორთოსისი“, კვიპროსი) - ნიკა კაჭარავას კარიერაში ბოლო პერიოდიდან უდავოდ გამორჩეული დეკემბერი იყო. ქართველმა ფორვარდმა გასულ თვეში 5 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. ყველაფერი კვიპროსის თასზე „აკრიტასთან“ მატჩით დაიწყო, რომელშიც ნიკამ დუბლი გაიფორმა და საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში. მერე კი ზედიზედ ორჯერ ჩემპიონატის ეგიდითაც გაიტანა. ჯერ „დოქსა“, მერე კი „პაფოსი“ დაამწუხრა.

გიორგი მერებაშვილი („ვისლა“, პოლონეთი) - გიორგი მერებაშვილისთვის დეკემბერი ნამდვილად წარმატებული თვე გამოდგა. 32 წლის შემტევმა 4 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ჯერ იყო და „კორონასთან“ გასვლით შეხვედრაში დუბლი გაიფორმა (ერთი გოლი მეტად ეფექტურიც გამოდგა) და საკუთარი გუნდი მარცხისგან იხსნა, ხოლო მერე კრაკოვის „ვისლაც“ დაამწუხრა.

გიორგი პაპუნაშვილი („სარაგოსა“, ესპანეთი) - მართალია გიორგი პაპუნაშვილმა დეკემბერში ოდენ ერთი მატჩი ჩაატარა (25 წუთი), მაგრამ, იმდენად შთამბეჭდავად დაბრუნდა, რომ გვერდს ვერ ავუვლიდით. „სარაგოსას“ შემტევი სამთვიანი იძულებითი უქმობის მერე „ექსტრემადურასთან“ შეხვედრაში გამარჯვების გოლით დაბრუნდა. გიორგიმ არაგონელებს ნანატრი გამარჯვება ეფექტური გოლით მოუტანა და გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა MARCA-მ სტატიაც მიუძღვნა სათაურით - „თოვლის პაპუ“.

გიორგი ჩაკვეტაძე („გენტი“, ბელგია) - გიორგი ჩვენი გამოკითხვის რეკორდსმენია - ზედიზედ სამჯერ უდიდესი უპირატესობით გაიმარჯვა (სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი). ბოლოს, 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაშიც შეძლო ჩვენს ვებგვერდზე პირველობა. თუ ზემოხსენებულ თვეებთან გავაკეთებთ შედარებას, დეკემბერი ისეთი წარმატებული ნამდვილად არ ჰქონია, მაგრამ ნომინატებში მოხვედრა მაინც დაიმსახურა. დეკემბერში 19 წლის შემტევმა 4 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. ეს ყოველივე ბელგიის თასზე, ქვედა ლიგელ „ბეერსხოტთან“.

0.119895