ჩოგბურთი

23:33 | 8.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

როჯერ ფედერერს ყოფილ მწვრთნელზე საუბრისას ცრემლი მოერია (+VIDEO)

37 წლის როჯერ ფედერერმა ემოციები ვერ შეიკავა CNN-თან ინტერვიუს დროს. ლეგენდარულ შვეიცარიელ ჩოგბურთელს ცრემლი მაშინ მოერია, როდესაც ჟურნალისტი პიტერ კარტერის შესახებ დაეკითხა. ეს უკანასკნელი როჯერის მწვრთნელი გახლდათ, რომელიც ჯერ კიდევ 2002 წელს საფარის დროს დაიღუპა.

“მაპატიეთ. იმედი მაქვს, ის ჩემით იამაყებდა. ვფიქრობ, არ ენდომებოდა, რომ ნიჭი ტყუილუბრალოდ გამეფანტა. შეიძლება ითქვას, მისი სიკვდილის შემდეგ სტიმულიც კი მომემატა, რათა უფრო ბევრი მეშრომა. პიტერი მაშინ გავიცანი, როდესაც ის ბაზელში საკლუბო ტურნირზე სათამაშოდ ჩამოვიდა. მაშინ პატარა ვიყავი, კარტერი კი გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი ვარსკვლავი გახლდათ. საბოლოოდ, გამიმართლა და ის ჩემთან მუშაობაზე დათანხმდა.

მახსოვს, ის ხშირად ეკონტაქტებოდა დარენ კეიჰილს, რომლის შეგირდიც ლეიტონ ჰიუიტი იყო. ისინი მუდმივად კამათობდნენ, ვის უფრო მაგარი აღსაზრდელი ჰყავდა. გასაკვირი არ ყოფილა, რომ ლეიტონს ძალიან ხშირად ვეთამაშებოდი 14, 16, 18 თუ 20 წლის ასაკში და შემდეგ მთელი კარიერის განმავლობაში. მაშინ ვინ იტყოდა, რომ ორივენი მოვახერხებდით უიმბლდონის მოგებას და მსოფლიოს პირველი ჩოგნებიც ვიქნებოდით?

პიტერი ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადამიანი იყო. იმ ტექნიკისთვის, რომელიც მე მაქვს, სწორედ მას უნდა ვუმადლოდე”.

0.113029