კალათბურთი

21:07 | 8.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

“შეუძლია თუ არა ვინმეს ამომავალი ვარსკვლავი ბითაძის შეჩერება?”
ევროლიგაში ქართველ ცენტრს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ

ევროლიგის მონაწილე კლუბებს დატვირთული კვირა ელით, რადგანაც მოკლე პერიოდში ორ-ორი მატჩის ჩატარება მოუწევთ. საქმეში იქნება ჩართული გოგა ბითაძეც, რომლის “ბუდუჩნოსტიც” 9 იანვარს, თელ ავივში, “მაკაბის” ეთამაშება, 11-ში კი, პოდგორიცაში, სტამბულის “დარუშაფაკას” დაუხვდება.

მომავალ ბატალიებს ევროლიგის ოფიციალური ვებგვერდიც გამოეხმაურა და სასიხარულოა, რომ ერთ-ერთი ქვეთავი სრულად 19 წლის ქართველ ტალანტს მიუძღვნა. “შეუძლია თუ არა ვინმეს ამომავალი ვარსკვლავი ბითაძის შეჩერება?” – ასე ჰქვია მონაკვეთს, რომლის გაცნობაც ქარველი ქომაგისთვის უდავოდ საინტერესო იქნება.
“ძნელი გასახსენებელია, როდის ჰქონდა ვინმეს ისეთი დებიუტი ევროლიგაში, როგორც გოგა ბითაძეს. “ბუდუჩნოსტის” ახალწვეულმა “ბაიერნთან” სადებიუტო შეხვედრაში 17 ქულა, 7 მოხსნა და 4 დაფარება მიითვალა, “მილანთან” მატჩში კი კიდევ უფრო უკეთესი იყო: 23 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი, 3 ბლოკ-შოტი.
ბითაძის სტატისტიკა უფრო შთამბეჭდავია იმის გათვალისწინებით, რომ ის მხოლოდ 19 წლისაა და თანაც, სერბული “მეგა ბემაქსიდან” პოდგორიცულ გუნდში გადაბარგების მერე, აკლიმატიზაციის პერიოდს სწორედ ახლა გადის.
ცხადია, რომ ევროპელი (და არა მხოლოდ) სკაუტები დადარაჯებულნი იქნებიან, რათა ახალგაზრდა ვარსკვლავს თვალი მიადევნონ: შესძლებს თუ არა ქართველი კალათბურთელი სეზონის დარჩენილი ნაწილიც იმ დონეზე გაატაროს, როგორც ეს საწყის თამაშებში იყო.
მიმდინარე კვირაში ბითაძეზე დაკვირვების საშუალება 2-ჯერ გვექნება, როდესაც “ბუდუჩნოსტი” ისრაელის საუკეთესო გუნდ “მაკაბის” ესტუმრება, შემდეგ კი, თურქულ “დარუშაფაკას” უმასპინძლებს”.
ერთი საინტერესო დეტალიც. როგორც უკვე ვიუწყებოდით, ევროლიგის ყოველი ტურის წინ, ოფიციალურ საიტზე ვირტუალური შემადგენლობა ქვეყნდება EuroLeague Fantasy Challenge-სთვის. მასში გოგა პირველად გასული ტურის წინ გამოჩნდა, ამჯერად კი, სიაში საერთოდაც პირველ ნომრად ფიგურირებს.
“ბითაძე თქვენს შემადგენლობაში დასაყენებლად საუკეთესო ვარიანტია. “ბუდუჩნოსტმა” ქართველი ცენტრს თავიდანვე დიდი ნდობა გამოუცხადა და მას სოლიდურ სათამაშო დროს უთმობს, გოგა კი ავანსებს სრულად ამართლებს. ამჟამად, მისი საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 20.0 ქულა, 7.5 მოხსნა, სარგებლიანობის ინდექსი 26.5. აიყვანეთ ბითაძე გუნდში, სანამ მისი ფასი კიდევ არ გაზრდილა”, - ვკითხულობთ ევროლიგის ვებგვერდზე.

0.11944