ქართველმა მოჭადრაკე ბაადურ ჯობავამ (2629) იტალიაში გამართულ “ვერგანი ქაფზე” ითამაშა და 42 მონაწილეს შორის მეექვსე-მეთერთმეტე ადგილები გაინაწილა, დამატებითი მაჩვენებლებით კი, მე-9 პოზიცია ერგო.
ჯობავას ტურნირზე მე-2 განთესვა გააჩნდა, თუმცა, მხოლოდ 2 პარტია მოიგო: თურქ ესატ ბაგლანთან (2363) და იტალიელ არტიომ გილევიჩთან (2404), დანარჩენ შემთხვევაში კი, ყაიმებს აფიქსირებდა.
ბაადური ისიკ ჩანს (თურქეთი, 2379), ვიტალი ბერნადსკის (უკრაინა, 2550), ფრანჩესკო სონისს (2473), რაუნაკ სადჰვანის (ინდოეთი, 2451), ფელიქს ბლოჰბერგერსა (ავსტრია, 2450) და ზავენ ანდრიასიანს (სომხეთი, 2604) დაუზავდა, მე-3 ტურში კი მეტოქე არ ჰყოლია და ნახევარი ქულა ისე მიითვალა.
საბოლოოდ, ქართველ მოჭადრაკეს 5.5 ქულა მოუგროვდა და პირველ ადგილზე გასულ სომეხ სამველ ტერ-სააკიანს (2574) ქულით ჩამორჩა, მე-2 საფეხური ხსენებულმა ბერნადსკიმ დაიკავა 6.0 ქულით, ასეთივე მონაგარის მქონე – პირველ ნომრად განთესილი ალეკსეი დრეევი (რუსეთი, 2670) კი მე-3 იყო.