სხვა

19:21 | 6.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ერეკლე არსენაშვილი: კვიპროსთან ბრძოლა მოგვიწევს 

ერეკლე არსენაშვილი კიდევ ერთი ხელბურთელია, ვინც ეროვნულ ნაკრებში 1998-99 წლებში დაბადებულთა თაობიდან მოვიდა და საკმაოდ გრძელი გზა გაიარა ასაკობრივ გუნდებში - 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი, 2017 წლის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი თბილისში. ერეკლეს ეროვნულ გუნდში დებიუტი 2016 წლის 2 ნოემბერს, სირაკუზაში ჰქონდა იტალიის წინააღმდეგ.

— ერეკლე, თუ სწორად გვახსოვს შენ საქართველოში მხოლოდ „ქარიშხალაში“ თამაშობდი.

— არა, „ქარიშხალას“ გარდა „სტუ-შევარდენშიც“ ვიყავი. ორი სეზონი. „იმედი“ რომ გახდა ჩემპიონი, იმ წელიწადს მეორე ადგილი დავიკავეთ, 2017 წელს, წინა სეზონში - მესამე.

— მერე კი საბერძნეთში, „ფილიპოს ვერიასში“ წახვედი… თუმცა მოდი ჯერ ბავშვობის ამბავი მოგვიყევი. რამდენი წლის იყავი ხელბურთზე რომ მიხვედი?

— ვარჯიში 12 წლისამ დავიწყე, მართალია, ხელბურთელის შვილი ვიყავი (ელიზბარ არსენარსვილი, თბილისის მამულისა და საქართველოს ნაკრების ყოფილი ხელბურთელი - რედ.), თავიდან თამაშს სერიოზულად არ ვეკიდებოდი. მაშინ ახლანდელივით მაღალი არ გახლდით. ტანი მერე ავიყარე, პატარაობისას კი დაბალი ვიყავი და წონის პრობლემაც მქონდა. ცოტა ხანი წყალბურთზეც დავდიოდი.

— თავიდანვე გადაწყდა, რომ ხაზის მოთამაშე უნდა ყოფილიყავი? შენი სურვილი იყო ასეთი?

— ჩემი არა. მწვრთნელებმა რომ შემომხედეს, პირდაპირ მითხრეს, „ხაზი“ უნდა იყოო.

— ტანი რა ასაკში აიყარე?

— სწრაფი ზრდა 15 წლისამ დავიწყე. წონაშიც მაშინ დავიკელი. ახლა სიმაღლეში უკვე ორი მეტრი ვარ.

— ახლა კვლავ საბერძნეთში თამაშობ, ოღონდ უკვე სხვა გუნდში, „დიომიდის არგოსში“ ხარ. შენს ახალ და ძველ გუნდებს ხომ არ შეადარებდი ერთმანეთს? მათ შორის კლასში არის განსხვავება?

— კი, განსხვავება დიდია, რადგან „დიომიდის არგუსი“ უფრო მაღალი მიზნებისთვის იბრძვის და სხვა დონეზე თამაშებს. ის პლეი-ოფის გუნდია. შარშან მეოთხე ადგილზე გავიდა და წელს „ჩელეჯ კაპზე“ ვითამაშეთ. სტავროპოლის „დინამოსთან“ წავაგეთ.

— შენ გუნდში მთავარი ხაზის მოთამაშე ხარ?

— შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად მთელ თამაშს მოედანზე ვატარებ. დაცვაში ჩვენი გუნდი ხშირად იყენებს იშვიათ, 3-3 განლაგებას და მე ცენტრალური მცველი ვარ.

— საბერძნეთში როგორ მოხვდი? აგენტი გყავს?

— დიახ, ერთი ფრანგია და ერთიც გერმანელი.

— საბერძნეთის ჩემპიონატი დაძაბულია?

— ახლა განსაკუთრებით საინტერესო გახდა. ბუნებრივია, როგორც ყველა ჩემპიონატს საბერძნეთის A1 ლიგასაც ჰყავს თავისი ლიდერები: „ოლიმპიაკოსი“, „პაოკი“, „აეკი“… თუმცა წელს „აეკთან“ ძალიან კარგად ვითამაშეთ. ასე რომ ვერ იტყვი, თითქოს უშანსოდ ვართ. ცხრილში მეხუთე ადგილი გვიჭირავს.

— ბერძნული კლუბები ლეგიონერების ნაკლებობას ალბათ არ განიცდიან.

— არიან დანიელები, ბრაზილიელები, ესპანელები… ჩვენთან კვიპროსის ნაკრების ორი წევრია - გარემარბი ხრისტოს არგაროუ და ინსაიდი დიმიტრის ბოცარისი. ორივეს ხელი აქვს ნაღრძობი. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ კვიპროსი ევრო 2022-ის შესარჩევში ჩვენი მეტოქეა. ხრისტოს არგაროუს ძმა, ჯულიო არგაროუ „აეკ-ის“ გამთამაშებელია. ტრავმის მიუხედავად, მალტაზე, ჩვენს შესარჩევ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად ორივე ძმა წამოვა.

ხრისტოსმა მითხრა, რომც ვერ ვითამაშო, ტურნირს აუცილებლად დავესწრებიო. ჩემს მეორე თანაგუნდელს, ბოცარისს კი ხელი ისეთ დღეში აქვს, რომ შევხედე, შემეშინდა. ის ნამდვილად ვერ გამოვა მოედანზე.

— კარგი მოთამაშეები არიან?

— დიდი ვარსკვლავები ნამდვილად არ არიან, მაგრამ დასაწუნიც არაფერი სჭირთ. „აეკის“ გამთამაშებელი ჯულიო არგაროუ უკვე წლებია, სტაბილურად თამაშობს. ხაზთან კარგი კონტაქტი აქვს, პასები უვარგა, მოედანს ხედავს, მოძრავია, ფიზიკურად შესანიშნავად არის მომზადებული, ერთადერთი შორიდან დარტყმა აქვს შედარებით სუსტი. ერთი სიტყვით, კვიპროსი იქნება ისეთი გუნდი, რომელთანაც ბრძოლა მოგვიწევს, თუმცა, მალტის ეტაპი უნდა დავძლიოთ. საქართველოს ნაკრები ახლა უკვე სხვა, უფრო ძლიერი გუნდია.

— მოდი შენს სანაკრებო დოსიეს გადავხედოთ. ეროვნულ გუნდში უკვე გითამაშია, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ ერთ შეხვედრაში, იტალიაში. ასე რომ ფაქტიურად დებიუტი გაქვს.

— დიახ, ასეა, თუმცა ნაკრებში ერთადერთი ხაზის მოთამაშე მე არ ვარ. რამდენადაც ვიცი, ადრე ეს პრობლემური პოზიცია იყო, ახლა კი ჩემს ამპლუაში სულ მცირე ოთხი კარგი მოთამაშეა. ახლა შეკრებაზე ვართ მე, უჩა მაისურაძე და ასევე რატი მსხვილიძე, რომელიც, ჩვეულებრივ, მარჯვენა ინსაიდია, მაგრამ ბოლო საკვალიფიკაციო ტურნირი ჩვენს პოზიციაზე ითამაშა.

ასაკობრივ ნაკრებებში საკმაოდ ბევრი ტურნირი დამიგროვდა. ბოლოს ოქტომბერში ვითამაშე კოსოვოში, ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე, სადაც ძალიან ცოტა დაგვაკლდა გამარჯვებამდე. შეიძლება ითქვას, არ გაგვიმართლა. ახლა, თუ საშუალება მომეცემა, მზად ვარ, მაქსიმუმი გავიღო ეროვნული გუნდისთვის.

ერეკლე არსენაშვილი: დაიბადა 1998 წლის 18 ოქტომბერს. ხელბურთის თამაში დაიწყო 2010 წელსქარიშხალაში. კარიერა: ქარიშხალა (2010-15) - სტუ (2015-17, საქართველოს ჩემპიონატის მეორე და მესამე პრიზიორი) - ფილიპოს ვერიასი (საბერძნეთი, 2017-18) - დიომიდის არგოსი (საბერძნეთი, 2018-19) - ეროვნულ ნაკრებში პირველად ითამაშა 2016 წელს - 1 მატჩი, 1 გოლი

ხელბურთი. ევრო 2022. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი. 11-13 იანვარი, 2019

მეორე ეტაპზე, პლეიოფში გადის ჯგუფის გამარჯვებული

A ჯგუფი, ლუქსემბურგში: ლუქსემბურგი, ბრიტანეთი, ირლანდია, ბულგარეთი

B ჯგუფი, მალტაში: კვიპროსი, საქართველო, აზერბაიჯანი, მალტა

კოსპიკვა, კოტონერას სპორტკომპლექსი:

11 იანვარი. 20:00 კვიპროსი - აზერბაიჯანი, 22:30 საქართველო - მალტა,

12 იანვარი. 19:00 აზერბაიჯანი - საქართველო, 21:30 მალტა - კვიპროსი

13 იანვარი. 17:00 კვიპროსი - საქართველო, 19:30 აზერბაიჯანი - მალტა

0.180219