სხვა

15:37 | 6.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

რეჭია და ჯიჯეიშვილი მსოფლიო თასზე ათეულში მოხვდნენ

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ხმლით მოფარიკავეთა შორის იუნიორთა მსოფლიო თასზე ძალები სამმა ქართველმა სპორტსმენმა მოსინჯა.

საქართველოს ნაკრების წევრებიდან პირველმა ვაჟა რეჭიამ იასპარეზა. მან ჯგუფური ეტაპი ბრწყინვალედ ჩაატარა და ყველა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო.
რეჭია პლეი-ოფის პირველი ეტაპიდან თავისუფალი იყო, შემდეგ კი ბრიტანელი ჯულიან რიჩარდს 15:11 სძლია და დაამარცხა და 32 საუკეთესოს შორის გავიდა.
ქართველმა მოფარიკავემ მომდევნო შერკინებაში იტალიელი მატია რეა 15:13 დაამარცხა, მერვედფინალში კი დიდი ბრიტანეთის კიდევ ერთ წარმომადგენელ იან რენისთან 8:15 წააგო და 154 მოფარიკავეს შორის მე-10 ადგილს დასჯერდა.
ნიკა შენგელიამ ჯგუფურ ეტაპზე ექვსიდან ოთხ შერკინებაში იმარჯვა, პლეი-ოფის პირველ ეტაპზე კი რუმინელ გეორგე დრაგომირთან 9:15 დამარცხდა და ბრძოლას გამოეთიშა.
იუნიორთა მსოფლიო თასზე ჯგუფურ ეტაპი დამაჯერებლად დასძლია ლიკა ჯიჯეიშვილმა, რომელმაც ექვსიდან ხუთ შეხვედრაში იმარჯვა.
პლეი-ოფში მან ავსტრიელი ევა-მარია გუტში 15:4 დაამარცხა, რუმინელი მარია მატეიას 15:10 სძლია, უკრაინელ ოლექსანდრა ბონდარს 15:11 მოუგო, მერვედფინალში კი ფრანგი კოლინ სუზანი დრამატულ ჯახში 15:14 დაჯაბნა.
ქართველი მოფარიკავე მეოთხედფინალში გერმანელ ლიზა გეტეს გადაეყარა, მასაც ღირსეული ბრძოლა გაუმართა და 11:15 წააგო. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრში 153 სპორტსმენი მონაწილეობა, ამდენად, ჯიჯეიშვილის მე-6 ადგილი წარმატებად უნდა მივიჩნიოთ.

0.063718