ფეხბურთი

17:40 | 3.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძეს “ვიტესში” გაანათხოვრებენ?

საქართველოს ეროვნული ნაკრების 26 წლის ფეხბურთელი ჯანო ანანიძე, შესაძლოა, მოსკოვის “სპარტაკიდან” ჰოლანდიურ “ვიტესში” გადაბარგდეს. ამ ინფორმაციას რუსული Sports.ru ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ “სპარტაკი” ქართველი ნახევარმცველის გასხვისებას ეშურება და ჩვენებურის “კრილია სოვეტოვში” განათხოვრებაზე თანახმა იყო, თუმცა, სამარაში გადაბარგება თავად ჯანომ არ ისურვა: მას რუსეთში მხოლოდ თეთრ-წითელი მაისურით ასპარეზობა სურს.

ევროპაში გადასვლაზე კი ანანიძე ყაბულსაა და მზადაა, ნაკლებ ხელფასზეც კი ითამაშოს. შეგახსენებთ, რომ “ვიტესს” რუსი სპეციალისტი ლეონიდ სლუცკი წვრთნის, რომელიც ჯანოს რუსული პრემიერლიგიდან კარგად იცნობს.
თუკი გარიგება შედგა, ქართველი ნახევარმცველი ჰოლანდიურ ერედივიზიონში სეზონის ბოლომდე, იჯარის წესით გაირჯება.

ვთქვათ ისიც, რომ 17 ტურის თავზე “ვიტესს” 26 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩი კი 18 იანვარს, შინ, “ექსელსიორთან” ელის.

0.11953