ფეხბურთი

23:04 | 2.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"პორტუს" ყოფილი ბომბარდირი: "ზედიზედ 2-3 დღე ვარჯიში არ შემიძლია"

პორტუგალიური „პორტუს“ ყოფილი ბომბარდირი ჯექსონ მარტინესი ყოველდღე ტკივილს განიცდის. იყო დრო, როდესაც კოლუმბიელს წამყვანი ევროპული გუნდები ეპატიჟებოდნენ, მაგრამ კოჭის უმძიმესმა ტრავმამ მისი კარიერა შეცვალა.

მარტინესს 2016-2018 წლები თითქმის გაუცდა და მოედანზე ახლახან დაუბრუნდა. სამხრეთ ამერიკელი ამჟამად პორტუგალიურ „პორტიმონენსეში“ იჯარით თამაშობს და 11 თამაშში 4 გოლი აქვს გატანილი.

„ეს ყოველდღიური ბრძოლაა. ყოველი ვარჯიში, ყოველი მომენტი ჩემთვის ძილისთვის მომზადების ეტაპია. თითქმის ყოველღამეს მეღვიძება ტკივილით. ეს დაახლოებით დილის 3-4 საათისკენ, ცოტა ხნის შემდეგ გამივლის და ისევ მეძინება.

ვარჯიში ადვილი არაა. არ შემიძლია 2-3 დღე გადაბმულად ვარჯიში. მინდა ნორმალურად ყოველდღე ვივარჯიშო, მაგრამ ჩემი ექიმი და ფიზიოთერაპევტი მეუბნებიან, რომ ეს შეუძლებელია. ამიტომ, კონტრეტულ პროგრამას მივყვები“, - თქვა მარტინესმა.

32 წლის ჯექსონ მარტინესმა სახელი „პორტუში“ გაითქვა, რომლის რიგებში 2012-2015 წლებში ირჯებოდა და საშუალოდ თამაშში 0.66 გოლი გაჰქონდა (143 თამაში, 94 გოლი). შემდეგ მცირე პერიოდით მადრიდის „ატლეტიკოში“ იყო, ხოლო 2016 წელს კარიერა ჩინურ „გუანჯოუ ევერგრანდში“ გააგრძელა, სადაც მძიმე ტრავმების გამო მხოლოდ 16 თამაშის ჩატარება მოასწრო. კოლუმბიის ნაკრებში კი 2009-2015 წლებში 40 მატჩში 9 გოლი გაიტანა.

0.144542