ლონდონის „არსენალის“ 17 წლის ფეხბურთელი ბუკაიო საკა ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში შევიდა. საქმე ისაა, რომ ინგლისელი ნახევარმცველი 2001 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის პირველია, რომელმაც პრემიერლიგაში ითამაშა.
მისი დებიუტი გუშინ, „ფულჰემთან“ (4:1) მოგებულ მატჩში შედგა. საკა მოედანზე 83-ე წუთზე ალექს ივობის ნაცვლად გამოჩნდა.
„პრემიერლიგაში დებიუტი „ემირეითს სთედიუმიდან“ დიდი ემოციაა. მძიმე შრომას გავაგრძელებ, რომ მოედანზე ისევ გამოვჩნდე“, - განაცხადა ნამატჩევს საკამ.