სხვა

12:10 | 30.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ძალოსნების მორიგი ტრიუმფი: 4 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი ბაქოში

2018 წლის ბოლოს საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრების წევრებმა შესანიშნავად იასპარეზეს ბაქოში გამართული აზერბაიჯანის ეროვნული გმირის, შახბაზოვის სახელობის ტურნირზე. ქართველმა ძალოსნებმა, რომლებმაც ბაქოში მთავარი მწვრთნელის ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ, მედლებთან ერთად რამდენიმე რეკორდიც დაამყარეს.

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, აზერბაიჯანულ ფიცარნაგზე პირველი გურამ გიორბელიძე (67 კგ.) გავიდა, რომელმაც ატაცში თავი 117 კილოგრამს გაართვა. გიორბელიძემ აკვრაში 151 კგ. დაძლია, რაც საქართველოს რეკორდზე – 1 კილოგრამით, ხოლო ევროპულ სტანდარტზე 2 კილოგრამით მეტია. გარდა რეკორდისა, გირობელიძემ ორჭიდის ჯამში მოგროვებული 268 კილოგრამითაც ოქროს მედალიც დაისაკუთრა.
ასევე ოქროს მედლითა და რეკორდით დაასრულა ასპარეზობა არჩილ მალაყმაძემაც (73 კგ.). მან ატაცში 140 კილოგრამი დაძლია და საქართველოს რეკორდი 1 კილოგრამით გააუმჯობესა ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში. ეს წონა მსოფლიო რეკორდს 2 კილოგრამით აღემატება. მალაყმაძემ აკვრაში თავი 158 კილოგრამს გაართვა და ორჭიდის ჯამში 298 კილოგრამით ოქროს მედალს დაეუფლა.
შესანიშნავად იასპარეზა ლომია თებიძემაც (81 კგ), რომელმაც ატაცში 137 კგ დაძლია, ხოლო აკვრაში თავი 180 კილოგრამს გაართვა, რაც საქართველოს რეკორდს 1 კგ-ით, ხოლო ევროპულ სტანდარტს მთელი 10 კგ-ით აღემატება. თებიძემ ორჭიდის ჯამში 317 კილოგრამით ოქროს მედალი დაიმსახურა.
ოქროს მედლითა და რეკორდით დაასრულა გამოსვლა თორნიკე ტაბატაძემაც (+102 კგ), რომელმაც ატაცში 165 კგ. დაძლია, ეს კი, საქართველოს რეკორდს – 2 კილოგრამით, ხოლო მსოფლიო და ევროპულ სტანდარტს 3 კილოგრამით აღემატება. ტაბატაძემ აკვრაში 181, ხოლო ორჭიდში 346 კგ. მოაგროვა და ოქროს მედალი დაიმსახურა.
შეჯიბრზე ასევე შესანიშნავად იასპარეზა აკაკი ტალახაძემაც (+102 კგ). ქართველმა ძალოსანმა ატაცში 145 კგ-ს, ხოლო აკვრაში თავი 184 კილოგრამს გაართვა. ტალახაძე ორჭიდის ჯამში მოგროვებული 329 კილოგრამით ვერცხლის მედალს დაეუფლა და პირადი შედეგი 3 კილოგრამით გააუმჯობესა.
ჭაბუკთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელის ზურაბ ანთაურის განცხადებით, ტურნირი საკმაოდ წარმომადგენლობითი და დაძაბული იყო.
“შეჯიბრმა შესანიშნავად ჩაიარა და რა თქმა უნდა, შედეგით კმაყოფილი ვარ. ბიჭებმა 4 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს და რამდენიმე რეკორდიც დაამყარეს.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი სპორტსმენებისთვის ბოლო ერთ კვირაში ეს მეორე ტურნირი იყო და დასვენება ვერ მოასწრეს, თუმცა მიუხედავად ამისა, თითოეულმა მათგანმა უმაღლესი შედეგი აჩვენა, რაც ძალოსნობის სპეციალისტებს არ გამორჩენიათ.
აქ დამსწრე ძალოსნობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს ჩვენი ბიჭების ფიზიკური და ტექნიკური მომზადების მაღალი დონე. მასპინძლების თქმით, საქართველოს ნაკრებმა ბაქოს ტურნირი კარგი გამოსვლით გაალამაზა.
მინდა მადლობა გადავუხადო მასპინძლებს, აზერბაიჯანის ფედერაციის გენერალურ მდივანს რიზვან რასულოვს, ასევე ტოფიქ გეიდაროვს, რომლის მიერ შექმნილ სპორტკომპლექსშიც ვართ, სადაც ვარჯიშისთვის შესანიშნავი პირობებია.
აქვე მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტს კახი კახიაშვილს, რომლის უშუალო მხარდაჭერითა და ინიციატივითაც ვიმყოფებით დღეს აქ.
და ბოლოს... ჩვენმა ძალოსნებმა ეს გამარჯვება ტრაგიკულად დაღუპულ ფედერაციის გენერალურ მდივანს რამაზ გურგენიძეს მიუძღვნეს. ბიჭები შეჯიბრზე შავი ბაფთებით გამოვიდნენ. მასპინძლებმა ტურნირზე გურგენიძის გარდაცვალებას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს და მადლობა გადაგვიხადეს, რომ ასეთ რთულ პერიოდში მაინც ჩავედით შეჯიბზრე”.

0.146361