19 წლის ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ ევროლიგაში პირველი მატჩი ჩაატარა და ბრწყინვალე დებიუტიც გამოუვიდა.
ბითაძის ახალი კლუბი “ბუდუჩნოსტი” გერმანიაში “ბაიერნს” სტუმრობდა და პირველი ტაიმის შემდეგ 11 ქულით იგებდა, თუმცა, ბოლომდე ვეღარ გაძლო და 88:93 დამარცხდა. მიუნხენელთა გამარჯვება პერიმეტრიდან შეტევებმა განაპირობა. მათ პოდგორიცელებზე 2-ჯერ მეტი სამქულიანი ჩააგდეს: 12:6.
ქართველი ლეგიონერი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, თუმცა, “ბუდუჩნოსტის” გამოცდილმა მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდარ ჯიკიჩმა მას დიდი ნდობა გამოუცხადა და არც შემცდარა.
გოგამ მოედანზე 23:14 წუთი გაატარა და 17 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში), 1 ჩაჭრა და 4 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 5 ორქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი არ დაუკარგავს, 2-ჯერ დაუფარეს, 5 პერსონალური ფოლი მიიღო (ბოლო უკანასკნელ წამებზე), მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 7-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ბითაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა, რაც სადებიუტო მატჩისთვის დიდებული მაჩვენებელია. ქართველი ტალანტი ორივე გუნდის რიგებში მხოლოდ ამერიკელ პარტნიორ ნორის კოულს (30) ჩამორჩა. ნბა-გამოვლილმა კალათბურთელმა მონტენეგროულ კლუბის მაისური პირველად მოირგო და 27 ქულა და 6 პასი მიითვალა.
“ბაიერნის” რიგებში ყველაზე შედეგიანი დერიკ უილიამსი იყო 21 ქულით, 10-ქულიან ზღვარს კი ბრეიდონ ჰობსმა (14), დანილო ბარტელმა (12), ვლადიმირ ლუჩიჩმა (11) და ნიჰად დედოვიჩმაც (10) უწიეს.
“ბუდუჩნოსტს” 3 მოგება და 12 მარცხი მოუგროვდა და ევროლიგის სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა მე-15 ადგილი უკავია, მომდევნო მატჩს კი 3 იანვარს, იტალიაში, “მილანთან” ჩაატარებს.
მანამდე კი, ბითაძის გუნდს არანაკლებ პრინციპული შეხვედრა ელის ადრიატიკის ლიგაში, სადაც ბუდუჩნოსტელები მოქმედი ჩემპიონის რანგში ასპარეზობენ. 30 დეკემბერს, ბელგრადში, “ბუდუჩნოსტი” უმთავრეს კონკურენტ “ცრვენა ზვეზდას” გაეჯიბრება.