კალათბურთი

23:00 | 28.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" სუპერლიგაში ზედიზედ მე-6 გამარჯვება "დელტასთან" მოიპოვა

მე-8 ტურის მორიგ მატჩში “დინამო” და “დელტა” დაუპირისპირდნენ. თბილისური გუნდების მატჩი დაძაბული არ გამოდგა. დინამოელებმა მატჩი არცთუ დიდი სხვაობით – 73:62 მოიგეს, თუმცა მეორე ნახევარში სტაბილურად ფლობდნენ საიმედო უპირატესობას და გამარჯვებაც დამსახურებულად მოიპოვეს.

ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი დინამო გახლავთ გუნდი, რომელსაც ყველაზე გრძელი წარმატებული მატჩების სერია გააჩნია. მას შემდეგ, რაც მიმდინარე სუპერლიგა 2 მარცხით დაიწყეს, დინამოელებმა ზედიზედ მეექვსე მატჩი დღეს მოიგეს.

რაც შეეხება “დელტას”, ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი გუნდისთვის “დინამოსთან” მარცხი მესამეა მიმდინარე სუპერლიგაში. გასათვალისწინებელია, “დელტას” 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. მე-6 ტურში მისი და “შსს აკადემია-ტიტების” შეხვედრა გადაიდო და სავარაუდოდ იანვრის თვეში გაიმართება.

“დელტასთან” მოგებულ მატჩში დინამოელებს ამერიკელმა ჯორდან სვოპშირმა ულიდერა, რომელმაც 24 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა. 15 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა დემაგოი ბუბალომ, მიხეილ ჭოჭუას ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა. “დელტაში” 16 ქულით ბომბარდირი ოთარ ფხაკაძე გახდა, 14 ქულა და 9 მოხსნა ბექა ბექაურის ანგარიშზეა.

დინამო – დელტა
სტატისტიკა: 73:62

www.gbf.ge

0.108584