ფეხბურთი

3:56 | 28.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ეს პირველად გავიგეთ" - არაბიძე და "დესნა" რეალობა არაა

გუშინ უკრაინულმა მედიამ, კერძოდ Footboom-მა გაავრცელა ცნობა, რომ საფეხბურთო კლუბ „დესნას“ გიორგი არაბიძის შეძენა სურდა. თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია უარყო ნიჭიერი ქართველის შემტევის დედამ.

ქალბატონ ლელას WORLDSPORT.GE დაუკავშირდა და როგორც მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, შესაძლოა არაბიძემ მართლაც დატოვოს „ნასიონალი“, მაგრამ „დესნაზე“ გავრცელებული ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება.

„მართალია ცოტა სათამაშო დროს აძლევენ და ეს გიორგის არ აკმაყოფილებს, მწვრთნელსაც ესაუბრა და მან უთხრა, რომ ყველაფერი კარგად არისო. თუმცა, არ ვიცით, რატომ ხდება ასე, როგორც გავიგეთ, „შახტარისთვის“ კომპენსაცია ჯერ კიდევ არ გადაუხდიათ. სწორედ ამის გამო შესაძლოა გუნდი დატოვოს, თუმცა წინასწარ ვერაფერს გეტყვით. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ „დესნაზე“ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლე არაა და ამის შესახებ ჩვენც პირველად გავიგეთ. არ ვიცით, რის საფუძველზე გაავრცელეს უკრაინელებმა ეს ინფორმაცია. დღეს, „ნასიონალს“ პორტუგალიის თასის შეხვედრა ელის და გიორგი ითამაშებს“, - გვითხრა ქალბატონმა ლელამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი არაბიძე „ნასიონალში“ გასულ ზაფხულს გადავიდა და პორტუგალიურ გუნდთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

0.129355