ესპანური “ბასკონიას” ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია ევროლიგის მორიგ მატჩში, რომელიც დღეს რუსეთშია დაგეგმილი, სპეციალური ნიღბით ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ თოკო ევროლიგის გასულ ტურში “ბარსელონასთან” მატჩში დაშავდა, როდესაც მეტოქის ხელი ცხვირში მოხვდა. ქართველ კალათბურთელს სისხლიც წასკდა და მართალია, მცირე ხანში მოედანს დაუბრუნდა, დისკომფორტი აშკარად ეტყობოდა.
ამ შეხვედრის შემდეგ, “ბასკონიას” სამწვრთნელო შტაბმა გუნდის ლიდერს რამდენიმე დღით დასვენების საშუალება მისცა და თოკომაც ესპანეთის ლიგა ენდესაში გიორგი შერმადინის “უნიკახასთან” თამაში გამოტოვა.
ამჟამად კი, შენგელია გუნდთან ერთად მოსკოვის რეგიონში იმყოფება, სადაც “ბასკონიას” “ხიმკისთან” დაპირისპირება ელის.
თამაში დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და მას სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს: “ბასკონია” 6 მოგებით მე-10 ადგილზეა, “ხიმკი” კი 5 გამარჯვებით – მეთორმეტეზე და ორივე გუნდი საპლეიოფო რვეულში მოსახვედრად იბრძვის.