ზაზა ფაჩულიას “დეტროიტ პისტონსმა” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მიმდინარე სეზონში მე-16 გამარჯვება იზეიმა და თანაბარ ბალანსზე კიდევ ერთხელ გავიდა.
მიჩიგანელები შინაურ კედლებში “ვაშინგტონ უიზარდსს” დაუხვდნენ და 17 534 ქომაგის თვალწინ 106:95 მოიგეს. გადამწყვეტი მე-3 მეოთხედი გამოდგა, რომელიც მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა – 31:17.
ქართველი ცენტრი თამაშში ტრადიციულად სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 13 წუთში 5 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. ზაზამ 3-დან 2 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
დეტროიტელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი ბლეიკ გრიფინი (23 ქულა, 9 მოხსნა, 6 პასი) იყო, სათადარიგო ლენგსტონ გელოვეიმ 22 ქულა ჩააგდო, რეჯი ჯეკსონმა 19 ქულა და 6 პასი მოაგროვა, ხოლო ანდრე დრამონდმა ტრადიციული ორმაგი დუბლი შეასრულა – 16 ქულა, 11 მოხსნა. დედაქალაქელთაგან 21-21 ქულით ჯონ უოლი და ბრედლი ბილი გამოირჩნენ.
როგორც აღვნიშნეთ, “პისტონსს” 16 მოგება და 16 მარცხი მოუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 28 დეკემბერს, ინდიანაში, “პეისერსთან” ჩაატარებს.