ფეხბურთი

23:01 | 26.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

დავით პეტრიაშვილი არენა Pro ლიცენზიის მეხუთე მოდული მიმდინარეობს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის კურსზე სასწავლო პროცესი გრძელდება. დავით პეტრიაშვილი არენაზე სასწავლო პროგრამის მეხუთე მოდული მიმდინარეობს. ტრადიციულად, ადგილობრივ მწვრთნელებთან ერთად, სასწავლო პროცესში მოწვეული სტუმრები არიან ჩართული.

"Pro ლიცენზია სულ 12 მოდულისგან შედგება და მის დასრულებამდე კიდევ 6 მოდულია დარჩენილი. კურსის მონაწილე მწვრთნელები ყოველდღიურად ვითარდებიან და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის. სასწავლო პროცესის მთავარი მიზანია, რომ მწვრთნელები რაც შეიძლება აქტიურად იყვნენ ჩართული საკუთარი გუნდისა და მეთოდოლოგიის შექმნაში. ჩვენი მხრიდან ისინი მაქსიმალურად დიდ ინფორმაციას იღებენ თითოეული დეტალის შესახებ." - განაცხადა სფფ-ის ტექნიკურმა დირექტორმა, ზაზა ზამთარაძემ.

მეხუთე მოდულში ძირითადი აქცენტი ფეხბურთელების ფიზიკურ მომზადებასა და თამაშის სწორ დაგეგმვაზე გაკეთდება. აღნიშნულ თემაზე კურსანტებს საკუთარ გამოცდილებას სერბული "ცრვნა ზვეზდას" ფიზ. მომზადების მწვრთნელი, ივან ვუჩეტიჩი და უეფას მწვრთნელთა განათლების პანელის წევრი, კრის ვანდერ ჰაგენი გაუზიარებენ.

კრის ვანდერ ჰააგენი: "პირველ რიგში, როდესაც ვაკვირდები თუ როგორ განვითარდნენ მწვრთნელები პირველი მოდულიდან დღემდე, ვხედავ, რომ საკმაოდ დიდი პროგრესი გვაქვს. მეხუთე მოდული სამ ძირითად საკითხს მოიცავს, სათამაშო მეთოდოლოგიას, ფიზიკური მომზადებას და ტაქტიკური პერიოდიზაციას."

ივან ვუჩეტიჩი: "დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა, სეზონისწინა მოსამზადებელ პერიოდს შეეხება. უფრო კონკრეტულად კი, ამ პერიოდის სწორად დაგეგმვაზე ვისაუბრებთ. საქართველოში უკვე ორი წელია ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების პერიოდი შეიცვალა და აქედან გამომდინარე, გუნდებს სეზონისთვის მოსამზადებლად მხოლოდ ზამთრის შესვენება აქვთ, დღეს სწორედ ამ მოდელეზე ვისაუბრებთ.

მეხუთე მოდულის სწავლება სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. სულ კი, Pro ლიცენზიის სასწავლო კურსი, გამოცდების ჩათვლით, 12 მოდულისგან შედგება.

www.gff.ge

0.11488