ფეხბურთი

13:10 | 26.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

“კრილია სოვეტოვი” ადასტურებს: ანანიძე ჩვენ გვინდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ჯანო ანანიძე, შესაძლოა, სამარის “კრილია სოვეტოვში” აღმოჩნდეს.

შეგახსენებთ, რომ ანანიძე ჯერაც მოსკოვის “სპარტაკის” საკუთრებად ითვლება, თუმცა, მისი “სახალხო გუნდიდან” აბარგების შესახებ აქტიურად საუბრობენ და ამ ფაქტს ისიც ადასტურებს, რომ ჩვენებური ზამთრის შეკრებაზე არ წაიყვანეს.
ამ ფონზე სამარელები გაძლიერებას გეგმავენ და ერთ-ერთ ვარიანტად ანანიძის ტრანსფერი ესახებათ. ამ ინფორმაციას რუსული პრესა აქტიურად ავრცელებს.
“ანანიძით ნამდვილად დაინტერესებულნი ვართ, თუმცა, იქნება ეს სრულფასოვანი ტრანსფერი თუ იჯარა, ამის შესახებ ვერ გეტყვით. ყველა ახალწვეულის ვინაობას მას შემდეგ დავასახელებთ, რაც გუნდი მოსკოვში შეიკრიბება”, - განაცხადა “კრილია სოვეტოვის” გენერალურმა დირექტორმა ვიტალი შაშკოვმა.
26 წლის ქართველი ნახევარმცველი “სპარტაკის” რიგებში 2007 წლიდან ირიცხება, 2013-14 წლების სეზონში კი “როსტოვში” გახლდათ განათხოვრებული.
რუსულ გრანდში მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა, ჩვენებურს გასაქანი ტრავმების სიმრავლემ არ მისცა. ჯანოს “სპარტაკთან” კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ფასი კი 1 მილიონი ევროა.

0.115834