კალათბურთი

21:30 | 25.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის “სლემდანქი” ტოპ-ხუთეულშია

19 წლის გოგა ბითაძის შედეგიანი თამაში ადრიატიკის ლიგის მე-12 ტურის ტოპ-ხუთეულში მოხვდა. შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელი მონტენეგროული “ბუდუჩნოსტის” მაისურით სადებიუტო შეხვედრას ატარებდა, თუმცა, თავის გამოჩენა მაინც მოახერხა.

რჩეულ ეპიზოდებში ის მომენტი შევიდა, როდესაც ქართველმა ლეგიონერმა მეტოქეს ბურთი ჩაუჭრა, ცენტრიდან ირბინა და “სლემდანქიც” მიითვალა. ეს სლოვენიაში გამართულ მატჩში მოხდა, სადაც “ბუდუჩნოსტი” კრკა-ს ესტუმრა და მოულოდნელი მარცხი განიცადა – 64:69.
შეგახსენებთ, რომ ბითაძემ მოედანზე 25:46 წუთი გაატარა და 12 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 2 ორქულიანი, 2-ვე სამქულიანი და 6-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
“ბუდუჩნოსტს” 8 მოგება და 4 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეორე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს, მომდევნო მატჩს კი 30 დეკემბერს, სტუმრად, ერთპიროვნულ ლიდერ “ცრვენა ზვეზდასთან” გამართავს. მანამდე კი, კერძოდ, 28 დეკემბერს ბითაძეს პოდგორიცელთა მაისურით ევროლიგაში დებიუტი ელის. პარასკევს “ბუდუჩნოსტი” გერმანიაში “ბაიერნის” წინააღმდეგ ითამაშებს.

0.123834