ჭიდაობა

23:31 | 24.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კენჭაძე და გივი მაჭარაშვილი საქართველოს თასის ფინალში გავიდნენ

23-წლამდელთა შორის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები - თავისუფალი სტილით მოჭიდავე ნიკა კენჭაძე (79 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ამავე ასაკობრივ ჯგუფში, საქართველოს თასის გათამაშების ფინალში გავიდნენ და თითო ნაბიჯიღა აშორებთ შიდა კონკურენციის ლიდერის პოზიციისა და ნაკრებში ადგილის შენარჩუნებას.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია 2018 წლის სეზონის ბოლო შეჯიბრებას – საქართველოს 23-წლამდელთა თასს დიღომში, "ნიუთბილისის" ტერიტორიაზე მდებარე ფრენბურთის დარბაზში ატარებს. სამდღიანი პროგრამის პირველ დღეს – 24 დეკემბერს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ათი წონითი კატეგორიიდან ხუთში გამოვლინდნენ ფინალისტები. ნიკა კენჭაძე ხვალ გასამართ გადამწყვეტ ბრძოლაში ტარიელ გაფრინდაშვილს დაუპირისპირდება. გივი მაჭარაშვილის მეტოქე კი ბექა ჭელიძე იქნება.
ხვალვე გამოვლინდებიან ჩემპიონ-პრიზიორები 57, 65 და 70 კილოგრამებში. უმსუბუქეს წონაში ოქროს მედლისთვის გიორგი ღონიაშვილი და რობერტ დინგაშვილი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. 65-ის ფინალში ამირან ვახტანგიშვილი და ედემი ბოლქვაძე იჭიდავებენ, ხოლო 70-ში – მირზა სხულუხია და ივერიკო ჯულაყიძე.
25 დეკემბერს ფინალური ბლოკი 17:00 საათიდან დაიწყება. იქამდე კი, დილის 11:00 საათიდან წინასწარი ეტაპის შეხვედრები გაჩაღდება დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში: 61, 74, 86, 92 და 125 კილოგრამებში და საღამომდე ფინალისტებიც გამოვლინდებიან.

თავისუფალი ჭიდაობა
საქართველოს თასი 2018
ფინალური წყვილები

57 კგ
გიორგი ღონიაშვილი (თბილისი) - რობერტ დინგაშვილი (ყვარელი)

65 კგ
ამირან ვახტანგიშვილი (გორი) - ედემი ბოლქვაძე (სამტრედია)

70 კგ
მირზა სხულუხია (ქუთაისი) - ივერიკო ჯულაყიძე (სამტრედია)

79 კგ
ნიკა კენჭაძე (ამბროლაური) - ტარიელ გაფრინდაშვილი (თბილისი)

97 კგ
გივი მაჭარაშვილი (მცხეთა) - ბექა ჭელიძე (თბილისი)

0.11929