კალათბურთი

23:07 | 24.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის 12 ქულა სადებიუტო მატჩში

19 წლის ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე მონტენეგროს “ბუდუჩნოსტში” გადასვლის შემდეგ, პირველივე მატჩში სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და საკმაოდ დამაჯერებლადაც ითამაშა, თუმცა, გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.

ადრიატიკის ლიგის მოქმედი ჩემპიონი სლოვენიაში კრკა-სთან სათამაშოდ აშკარა ფავორიტის რანგში ჩავიდა, მაგრამ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი შეხვედრა ჩაატარა და 64:69 დამარცხდა.
ბითაძემ მოედანზე 25:46 წუთი გაატარა და 12 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 2 ორქულიანი, 2-ვე სამქულიანი და 6-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
“ბუდუჩნოსტს” 8 მოგება და 4 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეორე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს, მომდევნო მატჩს კი 30 დეკემბერს, სტუმრად, ერთპიროვნულ ლიდერ “ცრვენა ზვეზდასთან” გამართავს.
მანამდე კი, კერძოდ, 28 დეკემბერს ბითაძეს პოდგორიცელთა მაისურით ევროლიგაში დებიუტი ელის. პარასკევს “ბუდუჩნოსტი” გერმანიაში “ბაიერნის” წინააღმდეგ ითამაშებს.

0.138233