ფეხბურთი

17:28 | 24.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი: "მილანში" დაბრუნებასთან ახლოს ორჯერ ვიყავი"

იტალიური „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ „მილანში“ დაბრუნებასთან ახლოს ორჯერ იყო. ამის შესახებ გამოცდილმა სპეციალისტმა Corriere Della Sera-სთან ინტერვიუში თქვა.

- რატომ დაბრუნდით იტალიაში?

- მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქვეყანაა. აქ ზოგი კარგად ცხოვრობს, ზოგი უარესად და გაბრაზებულია, მაგრამ ცოტა ხნის წინ ფარინეტის სიტყვები მოვისმინე: „ჩვენ გაგვიმართლა, რომ იტალიაში დავიბადეთ“. ამას ვეთანხმები.

- ხედავთ ჩვენი ფეხბურთის განვითარების ნიშანს?

- დიახ. სერია A-ში მაღალი ხარისხის თამაშებია, ეროვნულ ნაკრებს საინტერესო ახალგაზრდები ჰყავს, ხოლო ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ნათელი იდეებით. ეს უნდა იყოს სტიმული ახალი სტადიონების აგებისა და სტადიონებზე კულტურის გაუმჯობესებისთვის.

- ტაქტიკურ დონეზე, სადაა ახლა ფეხბურთი?

- ჩემი აზრით, პროგრესი რეგრესშია. მაგალითად: ახლა ყველა გუნდი, მათ შორის პატარა გუნდებიც ცდილობენ ფეხბურთის თამაშს, მაგრამ დაცვაში კონცენტრაცია ხშირად იკარგება. მეორე მაგალითი: გუნდები ცდილობენ უკნიდან თამაშს და მეკარეც ხშირად იწყებს შეტევებს. მაგრამ ეს რისკის შემცველია და ამიტომ, სულ მალე ძველი სტილი დაბრუნდება - გრძელი პასები.

- ბოლო წლებში იტალიურ ფეხბურთს აკლია მილანი (იგულისხმება ქალაქი, „მილანი“ და „ინტერი“)...

- ახლა „ინტერი“ უფრო სისტემური გუნდი გახდა, ნათელი პროექტი აქვს. „მილანში“ კი ელიოტს აქვს გეგმა, რომ ხუთ წელიწადში გუნდი მაღალ დონეზე დაბარუნოს და შემდეგ ახალი მფლობელი მოვა.

- „მილანში“ დაბრუნებასთან მართლაც ახლოს იყავით?

- ორჯერ. პირველად, როდესაც „რეალი“ დავტოვე, გალიანი მადრიდში მეწვია, მაგრამ პაუზა უნდა ამეღო, რადგან ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა. და მეორედ, „ბაიერნის“ შემდეგ, ფასონეს მხრიდან იყო კიდევ ერთი, თუმცა, მცირე მცდელობა.

0.127013