სხვა

15:43 | 24.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ფიგურული ციგურაობა: წლის შეჯამება

2018 წლის შედეგები, წარმატებები და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტის მარიამ გიორგობიანის თვალით დანახული სამომავლო პერსპექტივები.

წლის დასასრულს, ტრადიციისამებრ, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ქალბატონ მარიამ გიორგობიანმა შეაჯამა 2018 წელს ქართველი მოციგურავეების შედეგები, გააკეთა 2018 წლის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშებსა და ეროვნულსა თუ სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე ქართველ სპორტსმენთა გამოსვლების ანალიზი, ახსნა წარმატებებისა თუ წარუმატებლობის მიზეზები, დასახა პრიორიტეტები და სამომავლო პერესპექტივები.
2018 წელი ქართველი მოციგურავეებისათვის საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა. 20-ზე მეტ საერთაშორისო ტურნირზე მოპოვებული 23 მედალი, მათ შორის 11 ოქროს, 9 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოსი – ეს ის ოფიციალური შედეგია, რომელიც ქართველმა მოციგურავეებმა აჩვენეს სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე.
პიონჩანგის 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი მოციგურავის მორის ყვითელაშვილის მონაწილეობა, 2019 წლის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობისათვის მოპოვებული 2 საგზური, მორის ყვითელაშვილის ვერცხლის მედალი ისტორიაში პირველად, მოსკოვში გამართულ გრან-პრის მეხუთე ეტაპზე, ფინეთის ქალაქ ესპოში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს მედალი და თურქეთში ბოსფორის თასზე მოპოვებული ოქროს მედალი.
ყვითელაშვილის ამ წარმატებების გვერდით წლევანდელი წლის ღირსეული შედეგი – იუნიორთა კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი სპორტული მოცეკვავე წყვილის მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას გამარჯვება ჯერ პოლონეთში, შემდეგ კი რიგაში გამართულ საერთაშორისო ტურნირებზე და დამსახურებული ოქროს მედლები, ჩეხეთსა და სომხეთში გამართულ გრან პრის ეტაპებზე ვეცხლის მედალი და წლის გამორჩეული მიღწევა,საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად, ვანკუვერის ფინალური საგზური.
მიუხედავად საკმაოდ დატვირთული განრიგისა, თითქმის ყველა მაღალი რანგის ტურნირზე საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია წარადგენს მონაწილეს სხვადასხვა კატეგორიაში. მიღწევათა ამ ჩამონათვალს ეკუთვნის ალინა ურუშაძის სამი ვერცხლის მედალი სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე იუნიორთა კატეგორიაში, ირაკლი მაისურაძის ოქროს მედალი მინსკის საერთაშორისო ტურნირზე, ანადეა გულბიანი შმიდტის ანდორის თასზე და ბრატისლავის საერთაშორისო ტურნირებზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, ნოვისების კატეგორიაში საფრანგეთში, სლოვაკიასა და სლოვენიაში ილია გოგიტიძის, ნიკოლ ფადეევას, დავით გურენიძის, ეკატერინე იაზადჯის, ქეთევან მახარაძის ოქროს მედლები.
მისასალმებელია, რომ ნოვისებიდან სენიორთა კატეგორიის ჩათვლით საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციას სხვადასხვა თაობის სახით ჰყავს ის საიმედო რესურსი, ვისაც შეუძლია ღირსეულად წარმოადგინოს ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ტურნირებზე.
2018 წლის სეზონის მთავარმა სტარტებმა აჩვენა ქართველ მოციგურავეთა შესაძლებლობები, რომელთა შენარჩუნება და განვითარება მნიშვნელოვანია მსოფლიო რეიტინგში პოზიციების გასამყარებლად და ახალ ოლიმპიურ ციკლში ქართველ სპორტსმენთა ცნობადობის გასაზრდელად. გამოიკვეთა ბევრი ახალგაზრდა მოციგურავის უნარები, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთ ასაკობრივ ჯგუფში კონკურენციის გაწევა და ფლობენ ტექნიკური ელემენტების ყველა სავალდებულო მახასიათებელს და ხშირი სტარტებით კიდევ მეტად სრულყოფენ ყველაზე რთული ტექნიკური ელემენტების შესრულების ხარისხს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად.
რამდენიმე წლის წინ ალბათ წარმოუდგენელი იყო ამდენი ახალგაზრდა პერსპექტიული ქართველი მოციგურავის ჩართულობის შესაძლებლობა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში საერთაშორისო ტურნირზე. ამ მიმართულებით ბოლო წლებში საკმაოდ ბევრი სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა, როგორც მენეჯერულ-ადმინისტრირების მიმართულებით, ასევე საერთაშორისო საციგურაო კავშირისა და სხვადასხვა ქვეყნის ფედერაციების ოფიციალურ პირებთან საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტის მარიამ გიორგობიანის უშუალო კომუნიკაციითა და კოლეგიალური თანამშრომლობით.
ზაფხულის სახეობებისაგან განსხვავებით, ზამთრის სპორტში განსაკუთრებული შედეგის სწრაფად მიღწევის მოლოდინი ნაკლებია. ასეთია სამწუხარო რეალობა, რომელსაც ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების ერთობლიობა განაპირობებს. თუმცა, საქართველოს, როგორც ზამთრის სპორტის განვითარებისთვის კარგი ბუნებრივი პირობების მქონე ქვეყანას, გაცილებით უკეთესი შედეგების მიღწევა შეუძლია.
მისასალმებელია, რომ ამ მიმართულებით ქვეყნის მთავრობას მასშტაბური გეგმები აქვს და მომავალ წლებში ზამთრის სპორტში და ინფრასტრუქტურულ პროექტებში სოლიდური ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. ყინულის მოედნების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ინფრასტრუქტურული გარემოს, სპეციალიზირებული სპორტული სკოლების არარსებობა, ხელს უშლის ფიგურული ციგურაობის ორგანიზაციული სტრუქტურის, ახალი კადრების (მწვრთნელების) მომზადებას.
საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია დადებითად აფასებს ქართველ მოციგურავეთა შედეგებს. ყოველი სტარტისა თუ წარმატების თანმდევი უამრავი სირთულე და დიდი შრომაა, მაგრამ გამარჯვებით განცდილი კმაყოფილება გაცილებით საამაყო და ღირებულია.
ქალბატონი მარიამ გიორგობიანი მუდმივად მზადაა იზრუნოს მოციგურავეების მაქსიმალურ ხელშეწყობაზე, მწვრთნელთა მოტივაციასა და პერსპექტიული ახალგაზრდა სპორტსმენების მოზიდვაზე, შესაბამის უწყებებთან ხშირ კომუნიკაციაზე, რათა ქართველ სპორტსმენებს ადგილობრივ ყინულის მოედნებზე მომზადების შესაძლებლობა მიეცეთ.
ქართველი სპორტსმენებისათვის ამგვარი მხარდაჭერა იქნება მათთვის დამატებითი მოტივაცია ღირსეულად წარადგინონ საქართველო ყველაზე მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირებზე.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრესსამსახური

0.265204