კალათბურთი

14:50 | 24.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძე “ბუდუჩნოსტის” მაისურით სადებიუტო მატჩს დღეს ჩაატარებს

19 წლის ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ, სერბული “მეგა ბემაქსიდან” მონტენეგროულ “ბუდუჩნოსტში” გადაბარგდა, ახალი გუნდის მაისურით პირველ მატჩს დღეს ჩაატარებს.

ადრიატიკის ლიგის მოქმედი ჩემპიონი და ერთ-ერთი ფავორიტი სლოვენიაშია ჩასული, სადაც ტურნირის აუტსაიდერ კრკა-სთან დაპირისპირება ელის. პოდგორიცელებმა ქართველი ცენტრი, ისევე, როგორც ამერიკელი ახალწვეულები – ნორის კოული და ჯეიმს ბელი უკვე დაარეგისტრირეს და წესით, დღეს, საქმეში სამივე უნდა ვიხილოთ.

შეგახსენებთ, რომ სეზონის სტარტზე, ბითაძემ “მეგა ბემაქსის” მაისურით 11 მატჩის ჩატარება მოასწრო და ჩინებული საშუალო მაჩვენებლები ჰქონდა: 27.9 წუთი, 20.2 ქულა, 7.9 მოხსნა, 1.2 პასი, 2.5 დაფარება, სარგებლიანობის კოეფიციენტი – 24.6.

ცნობისთვის, კრკა-სა და “ბუდუჩნოსტის” მატჩით ადრიატიკის ლიგის მე-12 ტური სრულდება. თუკი პოდგორიცელებმა იმარჯვეს, 9 მოგება მოუგროვდებათჱდა მათ წინ მხოლოდ დაუმარცხებელი ლიდერი – სერბული “ცრვენა ზვეზდა” იქნება.

ნათელია, რომ მონტენეგროს საუკეთესო გუნდი სლოვენიური შეხვედრის აშკარა ფავორიტი იქნება, რაგანაც ნოვო მესტოელებს ზურგს მხოლოდ 3 გამარჯვება უმაგრებთ და ამასთან, “ბუდუჩნოსტთან” 2013 წლის შემდეგ, მიჯრით 8 მატჩი აქვთ წაგებული.

სათქმელია ისიც, რომ პოდგორიცელები მოედანზე ძალიან მოტივირებულები გავლენ, რადგანაც წარუმატებელი სერიის შეწყვეტა სურთ: “ბუდუჩნოსტს” სხვადასხვა ტურნირებზე ზედიზედ 4 შეხვედრა აქვს წაგებული. გოგას ახალი გუნდი 3-ჯერ ევროლიგაში დამარცხა, ერთხელ კი – ადრიატიკის ლიგაზე.

დასასრულ, მოგახსენებთ, რომ კრკა-სა და “ბუდუჩნოსტის” დღევანდელი დაპირისპირება ნოვო მესტოს “ლეონა სტუკლიაზე” თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება, თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას კი “სილკ სპორტ 2” გეგმავს.

0.145137