ფეხბურთი

12:10 | 24.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"თავიდანვე ორი წლით უფროსებთან ათამაშებდნენ" - "გენტის" ინტერვიუ გიორგი ჩაკვეტაძეთან და მის მშობლებთან (+VIDEO)

ბელგიური „გენტი“ იუთუბის არხზე გიორგი ჩაკვეტაძესთან და მის მშობლებთან იტერვიუს აქვეყნებს და ბელგიელ ქომაგებს 19 წლის ქართველს უფრო ახლოდან აცნობს.

ინტერვიუ გიორგის დედის, მთვარისა რუხაძის სიტყვებით იწყება:

მთვარისა რუხაძე: „ძალიან წყნარი ბავშვი იყო, მაგრამ ბურთით თამაში უყვარდა და სახლში ყველაფერი დამტვრეული იყო. მეექვსე კლასამდე კარგად სწავლობდა. სანამ შეეძლო, რადგან მერე პრაქტიკულად ვეღარ ახერხებდა სკოლაში სიარულს".

„მათემატიკაში ძლიერი იყო და ერთხელ მასწავლებელმა გვითხრა, რომ ფეხბურთი მიატოვებინეთ და მათემატიკაში მოამზადეთო“, - ეს გიორგის მამის, მერაბ ჩაკვეტაძის სიტყვებია.

„ეზოში ყველა ამბობდა, რომ ფეხბურთზე შეგვეყვანა. სადაც ვცხოვრობთ, იქვე არის პატარა კლუბები, მაგრამ უფრო პრესტიჟული „ნორჩი დინამო“ იყო და იქ წავიყვანეთ. პირველივე თამაშზე, მწვრთნელმა გივი ლომიძემ გვითხრა, რომ ძალიან კარგი ბავშვიაო. თავიდანვე ორი წლით უფროსებში ათამაშებდნენ, იმდენად კარგად თამაშობდა“, - იხსენებს ქალბატონი მთვარისა.

„ყველა თამაში, მაგრამ მაინც გამოვყოფდი ყაზახეთთან ბოლო შეხვედრას, როდესაც მთელი სტადიონი ფეხზე წამოუდგა და ტაშს უკრავდა“, - აღნიშნავს მერაბ ჩაკვეტაძე.

„პოპულარული ახლა უფროა საქართველოში. როდესაც თამაშობს, ძალიან ვნერვიულობ და თითქმის ვერ ვუყურებ, მაგრამ მერე ჩანაწერში ორჯერ-სამჯერ ვუყურებ მის თამაშს და ვაკონტროლებ.

ალბათ, კარგი გადაწყვეტილება იყო აქ წამოსვლა. გიორგის ძალიან უნდოდა „გენტში“ წამოსვლა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი გუნდების შემოთავაზებაც ჰქონდა“, - თქვა მთვარისა რუხაძემ.

„თავიდანვე იმდენად თბილად დახვდნენ, რომ აქ წამოსვლაც ამან განაპირობა“, - ამბობს მერაბ ჩაკვეტაძე.

ინტერვიუს ბოლო ნაწილში უკვე თავად გიორგი საუბრობს:

„რა თქმა უნდა რთული იყო, რადგან პირველად დავრჩი ოჯახისგან შორს. ენის პრობლემაც მქონდა, მაგრამ ახლა ვსწავლობ ენას და იმდენი პრობლემა აღარ მაქვს. გიორგი ქვილითაიას აქ ყოფნამაც გამიადვილა სიტუაცია. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ეს, რადგან დიდ დროს ვატარებთ ერთად. ბაზაზე, სახლში, გარეთ - ყველგან ერთად ვართ და ეს მნიშვნელოვანია.

ყველაზე მნიშვნელოვანი ყაზახეთთან პირველი გოლი იყო ერთა ლიგაზე, რომელმაც ალბათ ბოლომდე გამხსნა. „გენტში“ კი, „ლოკერენთან“ გოლს გამოვყოფდი. გილოცავთ შობა-ახალ წელს, დაესწარით მრავალს“.

0.123132