კვიპროსის ჩემპიონატის მე-14 ტურში ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ ლიმასოლის „აელი“ სტუმრად 3:0 დაამარცხა და ლიდერობა დააკარგვინა.
ამჯერად გოლი არ გაუტანია ნიკა კაჭარავას, რომელიც ძირითად შემადგენლობაშ იყო და 64-ე წუთამდე ითამაშა, თუმცა, ქართული გოლი მაინც გავიდა. თავი ფამაგუსტელთა კიდევ ერთმა ჩვენებურმა შემტევმა, ბექა მიქელთაძემ გამოიჩინა, რომელმაც 55-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა. ბექამ მესამე გოლშიც მიიღო მონაწილეობა და საგოლე შეტევა სწორედ მან დაიწყო.
21 წლის ქართველი თავდამსხმელისთვის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მე-13 მატჩში მეორე გოლი გამოდგა. მიქელთაძემ 88 წუთი გაატარა მინდორზე და 52-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
„ანორთოსისმა“ კი 23 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზეა. აი, „აელს“ ეს წაგება ძვირად დაუჯდა, მეორე ადგილზე ჩამოქვეითდა და „აპოელს“ ერთი ქულით ჩამორჩა.