საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი პაპუნაშვილი სამთვიანი იძულებითი უქმობის შემდეგ დიდებულად დაბრუნდა. „სარაგოსასა“ და „ექსტრემადურას“ შეხვედრაში გამარჯვების გოლი გაიტანა და არაგონელებს ნანატრი სამი ქულა მოუტანა.
თანაც, გოლსაც ხომ გააჩნია - ძალზე ეფექტური გოლი გამოუვიდა ჩვენებურს. მატჩის შემდეგ გიორგიმ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა:
„მადლობა ყველა გულშემატკივარს, გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო და ბედნიერი ვარ, რომ ხანგრძლივი დროის შემდეგ დავბრუნდი. 2019 წელს მაქსიმუმს გავაკეთებთ. ყველას გილოცავთ შობას და ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ“, - დაწერა ქართველმა შემტევმა ტვიტერში.
შეგახსენებთ, პაპუნაშვილმა მძიმე ტრავმა მიმდინარე წლის 28 სექტემბერს მიიღო და მას შემდეგ პირველ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მიმდინარე სეზონში „სარაგოსას“ რიგებში ჩატარებულ 7 მატჩში 2 გოლი (1 ლა ლიგა 2-ში, 1 სამეფო თასზე) აქვს გატანილი.