ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა მადრიდის "რეალმა" ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული ზედიზედ მესამედ გახდა.
აბუ დაბიში გამართულ ფინალურ შეხვედრაში "სამეფო კლუბმა" არაბთა გაერთიანებული საამიროების ჩემპიონი "ალ აინი" 4:1 დაამარცხა. "რეალის" მხრიდან გოლები ლუკა მოდრიჩმა, მარკოს ლიორენტემ და სერხიო რამოსმა გაიტანეს, ავტოგოლი კი იაჰია ნადარის ანგარიშზეა. მასპინძელთაგან თავი ცუკასა სიოტანიმ გამოიჩინა.
მარკოს ლიორენტე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 23 წლის საყრდენმა მადრიდის "რეალის" რიგებში 33-ე მატჩი ჩაატარა და გოლი პირველად გაიტანა.
"რეალმა" ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მეოთხედ მოიგო და რეკორდი დაამყარა. სამჯერ თასი "ბარსელონამ" აღმართა, ორჯერ კი გამარჯვებული "კორინთიანსი" გახდა. 2018 წლის საკლუბო ჩემპიონატის მესამეადგილოსანი "რივერ პლეიტი" გახდა, რომელმაც "კასიმა" 4:0 დაამარცხა.