სხვა

14:48 | 22.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

სეოკ-ის საანგარიშო სესია

21 დეკემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2018 წლის საანგარიშო სესია. დელეგატთა შორის იყვნენ საქართველოს ოლიმპიურ სახეობათა ფედერაციების, სეოკ-ის წევრი სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, სეოკ-ის აღმასკომის წევრები, ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები.

სესიას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, სეოკ-ის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, სხვა საპატიო სტუმრები.

სესიის დღის წესრიგისა და რეგლამენტის დამტკიცების შემდეგ, დელეგატებმა პატივი მიაგეს 2018 წელს გარდაცვლილ სპორტსმენთა და სპორტის მუშაკთა ხსოვნას.

დელეგატთა წინაშე საანგარიშო მოხსენებით წარსდგა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. მან მიმოიხილა სეოკ-ის საქმიანობა 2018 წელს, ისაუბრა სპორტული წლის მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე.

„დამეთანხმებით, რომ 2018 წელი ქართული სპორტისთვის, ჩვენი ოლიმპიური მოძრაობისთვის ერთობ წარმატებული გამოდგა, - აღნიშნა ლერი ხაბელოვმა, - წლის მთავარი შეჯიბრებების შედეგები მოწმობს, რომ ახალ ოლიმპიურ ციკლში, წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს თითქმის ყველა მიმართულებით.

წლეულს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე 6 ოლიმპიურ სახეობაში სულ მოპოვებულია 18 ოქროს, 9 ვერცხლისა და 24 ბრინჯაოს მედალი, მათ შორის არის მსოფლიოს ჩემპიონატის 3 ოქროს მედალი. შედარებისთვის: თუ წინა ოლიმპიური ციკლის პირველ 2 წელს - 2013-2014 წლებში მხოლოდ 1 მსოფლიო ჩემპიონი გვყავდა, ახალი ციკლის 2 წელიწადში - 7 მსოფლიო ჩემპიონი გვყავს.

ეს იმას ნიშნავს, რომ სავსებით რეალურია ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა და რესურსი იმისთვის, რომ გადავდგათ მორიგი ნაბიჯი და გავაუმჯობესოთ წინა ოლიმპიადის შედეგი.

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატებზე ყველაზე პრესტიჟულ - მძიმე წონით კატეგორიაში გაიმარჯვეს ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა, თავისუფალი სტილის მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ. გარდა ორჭიდისა, ლაშა ოქროს მედლებს ასევე დაეუფლა ცალკეულ დისციპლინებში - ატაცსა და აკვრაში, დაამყარა მსოფლიოს 7 რეკორდი.

მსოფლიო რეიტინგში მართლაც სარეკორდო ნახტომი გააკეთა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელმაც რამდენიმე უმაღლესი რანგის ტურნირი მოიგო და იმედი ჩაგვისახა, რომ მომავალ ოლიმპიადაზე მაღალი ადგილებისთვის იბრძოლებს. აქვე უნდა აღვნიშნოთ ის პროგრესი, რომელიც ქართულ ფეხბურთში ვიხილეთ. ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებით გაიარა ერთა ლიგის ჯგუფური ტურნირი და ძალიან ახლოს არის ისტორიულ მიზანთან - ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვებასთან.

გვახარებს ის, რომ ძალოსნობაში, ჭიდაობაში, ძიუდოში და სპორტის ზოგიერთ სხვა სახეობაში წინა პლანზე გამოდიან ახალგაზრდა, ჯერ კიდევ გამოუცდელი, მაგრამ უდავოდ პერსპექტიული სპორტსმენები, რომლებიც უკვე მოზრდილთა შეჯიბრებებში იკავებენ საპრიზო ადგილებს. რაც შეეხება უშუალოდ ახალგაზრდულ შეჯიბრებებს, 2018 წელი ამ მხრივაც მნიშვნელოვანი წარმატებებით და სხვადასხვა ხარისხის მედლებით აღინიშნა. ამ მედლების მეტი წილი უკვე ნახსენებ სახეობებში - ჭიდაობაში, ძალოსნობასა და ძიუდოშია მოპოვებული. ჭაბუკთა ტურნირებში კარგად გამოვიდნენ აგრეთვე მოკრივეები, ტყვიის მსროლელები, მოფარიკავეები, კანოისტები, მოციგურავეები.

ცალკე უნდა გამოვყოთ მესამე ახლგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ისტორიული შედეგი - 1 ოქრო, 4 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ამ თამაშებზე 15 ქართველი სპორტსმენი მონაწილეობდა. ყველა პარამეტრით, მესამე ახალგაზრდული ოლიმპიდა ქართული სპორტისთვის არის წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

ჩვენ გვყავდა უფრო მეტი ლიცენზიანტი სპორტსმენი და მეტ სახეობაში, ვიდრე წინა ოლიმპიადებზე. ჩვენ მოვიპოვეთ უფრო მეტი და მაღალი ხარისხის მედალი, ვიდრე წინა ორ ოლიმპიადაზე ერთად აღებული. ჩვენ გვყავს ახალგაზრდული თამაშების პირველი ოლიმპიური ჩემპიონი და პირველად ავაჟღერეთ საქართველოს ჰიმნი. ჩვენ ასევე პირველად მოვიპოვეთ ოლიმპიური ლიცენზია სათამაშო სახეობაში და გადავლახეთ ჯგუფური ეტაპი. ჩვენ საგრძნობლად დავწინაურდით საერთო გუნდურ ჩათვლაში და საერთაშორისო ოლიმპიურ მოძრაობაში ჩართულ 206 ქვეყანას შორის დავიკავეთ 44-ე ადგილი.

საქართველო 4 სპორტსმენით წარსდგა 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელსაც პიონჩანგმა უმასპინძლა. როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, ჩვენ მეშვიდედ გამოვედით ზამთრის ოლიმპიადაზე. ზაფხულის ოლიმპიადებისგან განსხვავებით, ზამთრის სპორტში განსაკუთრებული შედეგის მოლოდინი არ გვაქვს. ასეთია სამწუხარო რეალობა, რომელსაც ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების ერთობლიობა განაპირობებს. საქართველოს, როგორც ზამთრის სპორტის განვითარებისთვის კარგი ბუნებრივი პირობების მქონე ქვეყანას, გაცილებით უკეთესი შედეგების მიღწევა შეუძლია. მისასალმებელია, რომ ამ მიმართულებით ქვეყნის მთავრობას მასშტაბური გეგმები აქვს და მომავალ წლებში ზამთრის სპორტში და ინფრასტრუქტურულ პროექტებში სოლიდური ინვესტიციის განხორციელებას აპირებს.

აქვე აუცილებლად უნდა ვახსენოთ ყველა დროის ქართველ ოლიმპიელთა ფორუმი, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს და საერთაშორისო ოლიმპიურ დღეს მიეძღვნა. უმეტესი თქვენთაგანი მონაწილეობდა ამ ფორუმში და, ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ეს იყო მართლაც ისტორიული მოვლენა - ამდენი ოლიმპიელი, ქართული სპორტის ამდენი ვარსკვლავი ერთად, ერთჭერქვეშ აქამდე არასოდეს შეკრებილა. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა არა მარტო ქართული სპორტის, არამედ საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში.

ვიდრე რუსთაველის თეატრში შეიკრიბებოდნენ, ჩვენი ოლიმპიელები საერთაშორისო ოლიმპიური დღის სპორტულ აქტივობებში ჩაერთვნენ. ოლიმპიური ჩემპიონებისა და პრიზიორების, სხვა წარმატებული სპორტსმენების გამოჩენამ განსაკუთრებული ხიბლი შესძინა ოლიმპიურ დღეს, რომლის მთავარი სტარტები კუს ტბაზე გაიმართა. კუს ტბის მთელი ტერიტორია, წყლის აკვატორიის ჩათვლით, დატვირთული იყო სხვადასხვა საინტერესო და სანახაობრივი შეჯიბრებებით, რომლებშიც მონაწილეობის საშუალება ჰქონდა ნებისმიერ მსურველს.

ერთ ძალიან პოზიტიურ ამბავსაც შეგახსენებთ: წლის დასაწყისში ოლიმპიური კომიტეტის პარტნიორთა რიგებს შემოემატა ქვეყნის სოლიდური ფინანსური ინსტიტუტი - საქართველოს ბანკი, რომელიც სეოკ-ის გენერალური სპონსორი გახდა.

მოკლედ, 2018 წელს ქართულ სპორტში და ოლიმპიურ მოძრაობაში არაერთი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. ჩვენ უფრო მეტის იმედით და მოლოდინით ვეგებებით ახალ, 2019 წელს" - განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

საანგარიშო მოხსენების შემდეგ გაიმართა ოლიმპიური ჩემპიონების ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენებით დაჯილდოების ცერემონია.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარდგინებით და საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენებით დაჯილდოვდა 23 ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. მათთვის შესაბამისი მოწმობების გადაცემის ცერემონია გაიმართა ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, სესიაზე კი შედგა უშუალოდ ორდენების გადაცემის ცერემონია. ეს საპატიო მისია შეასრულა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, თავადაც ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლერი ხაბელოვმა.

დელეგატებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხელ ბატიაშვილმა.

სესიაზე სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ სეოკ-ის სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები. საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად აღიარეს მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გიორგი ჩხიკვაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა); 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენ ქალად დასახელდა ძალოსანი ანასტასია გოტფრიდი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა; ზამთრის სპორტში გამოარჩიეს პერსპექტიული მოციგურავეების - მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილი; სხვა ნომინაციებში გაიმარჯვეს: „ოლიმპიური იმედი" - ნუგზარ წურწუმია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ბრინჯაოს პრიზიორი, 23 წლამდელთა შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი; „წლის მწვრთნელი" - ნუგზარ სხირელი (თავისუფალი ჭიდაობა); „ოლიმპიური მოძრაობის მედია-მხარდამჭერი" - ტელეკომპანია „იმედი;" „რეგიონალური აქტივობისთვის" - სეოკ-ის იმერეთის ორგანიზაცია; „ოლიმპიური სპორტის მხარდაჭერისთვის" - სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკი."

ბოლოს გაიმართა მთავარ ნომინაციაში გამარჯვებულის - 2018 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონია. სეოკ-ის აღმასკომის გადაწყვეტილებით, ამჯერად გამარჯვებული გამოვლინდა კენჭისყრით, რომელშიც სესიის დელეგატები მონაწილეობდნენ.

ნომინანტთა სიაში შეყვანილი იყო სპორტის ოლიმპიურ სახეობებში 2018 წლის ყველაზე წარმატებული 4 სპორტსმენი: ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი) - ჩინეთის ღია პირველობის გამარჯვებული; გურამ თუშიშვილი (ძიუდო, მძიმე წონა) - მსოფლიოს ჩემპიონი; გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, მძიმე წონა) - მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი; ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა, მძიმე წონა) - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს 7 რეკორდის ავტორი.

კენჭისყრაში მონაწილეთა უმეტესი ხმები მიიღო ლაშა ტალახაძემ, რომელიც ზედიზედ მესამედ გახდა სეოკ-ის რჩეული. 2018 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენს - ლაშა ტალახაძეს ამ ნომინაციისთვის საგანგებოდ დამზადებული პრიზი - „ოლიმპიური ალი" გადასცა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა. სეოკ-ის გენერალური სპონსორის - „საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ ტალახაძე სოლიდური ფულადი ჯილოთი დაასაჩუქრა. ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე გამარჯვებისთვის „საქართველოს ბანკისგან" ასეთივე სოლიდური ფულადი ჯილდო მიიღო გიორგი ჩხიკვაძემ.

დასასრულს, სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა სესიის დელეგატებს და სტუმრებს მიულოცა დამდეგი შობა-ახალი წელი, უსურვა მხნეობა, ჯანმრთელობა, სპორტული შემართება, წარმატებები საქმიანობაში.

www.geonoc.org.ge

0.117767