19 წლის ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე კარიერას მონტენეგროს საუკეთესო კლუბ “ბუდუჩნოსტში” გააგრძელებს, რომელიც მიმდინარე სეზონში ადრიატიკის ლიგის გარდა, ევროლიგაშიც ასპარეზობს.
ეს მოულოდნელი ინფორმაცია მცირე ხნის წინ გავრცელდა და უკვე დაადასტურეს როგორც პოდგორიცელებმა, ასევე – გოგას უკვე ყოფილმა კლუბმა “მეგა ბემაქსმაც”.
საინტერესო იყო “ბუდუჩნოსტის” ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული განცხადებაც: “საკალათბურთო საოცრება გოგა ბითაძე სეზონის ბოლომდე ჩვენი გუნდის ღირსებას დაიცავს”.
ქართველი ცენტრის ბოლოდროინდელი ასპარეზობა მისი კარიერული წინსვლის საფუძველი ნამდვილად გახლდათ, თუმცა, აქამდე, მისით მონტენეგროელთა დაინტერესების შესახებ არაფერი დაწერილა.
საინტერესოა, რომ “მეგა ბემაქსი” “ბუდუჩნოსტს” სულ რამდენიმე დღის წინ, 10 დეკემბერს დაუპირისპირდა და მაშინ ქართველი ლეგიონერი შეუჩერებელი გახლდათ: გოგამ მოედანზე 31:41 წუთი გაატარა და 23 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება იყო.
მას შემდეგ, ბითაძემ 23 ქულა ჩაუგდო სერბული კალათბურთის უმთავრეს გრანდ “ცრვენა ზვეზდასაც” და როგორც აღმოჩნდა, ეს, ჩვენებურის ბოლო მატჩი აღმოჩნდა “მეგა ბემაქსის” მაისურით.
უკვე ცნობილია, რომ გოგას სანაცვლოდ პოდგორიცელებმა სერბულ გუნდს ზორან ნიკოლიჩი გაუშვეს, თუმცა, მას რომ ქართველი ლეგიონერის ფუნქციების შესრულება გაუჭირდება, ფაქტია.
მიმდინარე სეზონში გოგამ “მეგა ბემაქსის” მაისურით 11 მატჩი ჩატარება მოასწრო, მისი საშუალო მაჩვენებლები კი შთამბეჭდავი იყო: 20.2 ქულა, 7.9 მოხსნა, 1.2 პასი, 2.5 დაფარება, სარგებლიანობის კოეფიციენტი 24.6. ბითაძის ახალ “ბუდუჩნოსტს” ადრიატიკის ლიგაში 8 მოგებითა და 3 მარცხით მე-2 ადგილი უკავია, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ქართველ ტალანტს ძალების მოსინჯვა ევროლიგაში მოუწევს.
პოდგორიცელებმა ევროპული კალათბურთის უმთარეს ტურნირში თამაშის უფლება ადრიატიკის ლიგის გასულ სეზონში “ცრვენა ზვეზდას” ჰეგემონიის დამხობით მოიპოვეს და საქმე სასირცხვილოდ ნამდვილად არ აქვთ.
სადებიუტო სეზონში “ბუდუჩნოსტმა” უკვე მოუგო ტურნირის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტ მოსკოვის ცსკა-ს და მას თორნიკე შენგელიას “ბასკონია” და კიდევ ერთი ესპანური გრანდი “ბარსელონა” მიაყოლა.
3 მოგებითა და 10 მარცხით, პოდგორიცელებს ევროლიგის სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა მე-15 ადგილი უკავიათ, თუმცა, თელ-ავივის “მაკაბისა” და რუსულ “ხიმკის” მხოლოდ თითო გამარჯვებით ჩამორჩებიან.
“ბუდუჩნოსტი” მომდევნო შეხვედრას დღეს სტამბულის “ფენერბაჰჩესთან” ჩაატარებს, თუმცა, ძნელად სავარაუდოა, რომ გოგა უკვე საქმეში ვიხილოთ. დიდი ალბათობით, ბითაძე ახალი კლუბის მაისურს პირველად 24 დეკემბერს მოირგებს, როდესაც მონტენეგროს საუკეთესო გუნდი ადრიატიკის ლიგაზე სლოვენიურ კრკა-ს ესტუმრება.
ვთქვათ ისიც, რომ “ბუდუჩნოსტში” ბითაძეს გარჯა არაერთი ცნობილი კალათბურთელის მხარდამხარ მოუწევს: ესენი არიან საფრანგეთის ნაკრების წევრი ედვინ ჯეკსონი, სლოვენიელი ალენ ომიჩი, ბოსნია-ჰერცეგოვინის წარმომადგენელი ნემანია გორდიჩი, ამერიკელი ლეგიონერები ეარლ კლარკი და კოტი კლარკე, მონტენეგროს ნაკრების მოთამაშეები ნიკოლა ივანოვიჩი, სუად სეჰოვიჩი, ფილიპ ბაროვიჩი, სეად სეჰოვიჩი, პეტარ პოპოვიჩი, დანილო ნიკოლიჩი...
ბითაძის ახალი მწვრთნელი ექსტრავაგანტური სერბ იალეკსანდარ ჯიკიჩი იქნება, რომელსაც სერბულ “პარტიზანში”, სლოვენიურ “ოლიმპიასა” და კრკა-ში, ლიტვურ “ლიეტუვას რიტასსა” და მაკედონიის ნაკრებში უმუშავია, 2005-07 წლებში კი “მინესოტა ტიმბერვულვზში” მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ.