გიორგი შერმადინის “უნიკახამ” ევროთასის პირველი ჯგუფური ეტაპი იოლად დასძლია და მე-2 რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა.
მალაგელებმა D ჯგუფის დასკვნითი მატჩი შინ იტალიურ “ფიატ ტურინთან” გამართეს და მართალია, დიდ შესვენებაზე ექვსქულიანი ჩამორჩენით (41:47) გავიდნენ, საბოლოოდ, დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმეს – 89:68.
ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 18:00 წუთში 9 ქულა და 6 მოხსნა (2 შეტევაში) მიითვალა.
გიორგიმ 6-დან 3 ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
“უნიკახას” მხრიდან 10-ქულიანი ზღვრის გადალახვა ხაიმე ფერნანდესმა (14), ადამ ვაჩინსკიმ (14), სასუ სალინმა (13) და კაილ ვილჯერმა (11) მოახერხეს, სტუმართაგან კი ამერიკელი ლეგიონერი დალას მური (24) გამოირჩა.
საინტერესოა, რომ ესპანურმა კლუბმა იტალიური აშკარად დაჯაბნა მოხსნებში (48:31) და ამასთან, 44 (!) სამქულიანი ესროლა, საიდანაც 18 ჩააგდო.
ამგვარად, “უნიკახამ” 8 მოგება და 2 მარცხი მოაგროვა და ჯგუფში ყაზანის “უნიკსის” (9 გამარჯვება, 1 წაგება) კვალად, მე-2 ადგილი დაიკავა.
მე-2 ჯგუფურ ეტაპზე, რომელიც სტარტს 2 იანვარს აიღებს, მალაგელთა მეტოქეები ესპანურივე “ვალენსია”, სერბული “ცრვენა ზვეზდა” და ფრანგული “ლიმოჟი” იქნებიან.
მეოთხედფინალში გასასვლელად, შერმადინსა და მის თანაგუნდელებს პირველ ან მეორე პოზიციაზე გასვლა სჭირდებათ.
მალაგელები სასტარტო მატჩს, 2 იანვარს, სტუმრად ვალენსიაში ჩაატარებენ.