ფეხბურთი

18:00 | 20.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მერებაშვილი: "უკმაყოფილო არ ვართ, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს"
"ყველაფერი ორ-სამ კვირაში გადაწყდება"

საქართველოს ნაკრებისა და პლოცკის "ვისლას" ნახევარმცველ გიორგი მერებაშვილს ბოლო დროს წარმატებული პერიოდი აქვს. 32 წლის ქართველმა შემტევმა პოლონეთის ექსტრაკლასას ბოლო ორ მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა. გიორგიმ უკვე მოახერხა გასული სეზონის შედეგის გამეორება და 5 გოლის გატანა. წინ კი, მთელი მეორე წრეა.

თუმცა, როგორც თავად ამბობს, შესაძლოა იანვარში გუნდი შეიცვალოს. ამის შესახებ მერებაშვილმა WORLDSPORT.GE-სთან საუბარში განაცხადა, რომელსაც პოლონეთში დავუკავშირდით. მისი თქმით, უახლოს ორ-სამ კვირაში ყველაფერი გაირკვევა. გიორგისთვის სეზონი წარმატებულად არ დაწყებულა, სამთვიანი იძულებითი უქმობის შემდეგ დაბრუნდა და თავიდან ფორმაში შესასვლელად დრო დასჭირდა. თუმცა, ყაზახეთთან თამაში გარდამტეხი აღმოჩნდა, რომელშიც თავი გამოიჩინა და კლუბშიც გააგრძელა შედეგიანი თამაში.

ქართველი ფეხბურთელი ჩვენთან არამარტო პოლონურ კარიერაზე, არამედ საქართველოს ნაკრების ასპარეზობაზე და ვლადიმირ ვაისის შესახებაც საუბრობს...

- როგორ შეაფასებდით სეზონის განვლილ პერიოდს?

- დადბითად შევაფასებ, რადგან სეზონი ჩემთვის პირადად რთულად დაიწყო, რადგან ოპერაცია გავიკეთე და სამი თვის გამოტოვება მომიწია. შეკრებაც ნაწილობრივ გავიარე და თავიდან შეცვლებზე მიწევდა თამაში, განსაკუთრებით ფიზიკურად გამიჭირდა. თუმცა, მთლიანობაში მაინც დადებითად შევაფასებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ უკეთ თამაში და მომატება შემიძლია. დარწმუნებულიც ვარ, რომ მეორე წრიდან უფრო შედეგიანი ვიქნები.

- რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენი თამაშით?

- ნაწილობრივ ვარ, მაგრამ მთლიანობაში არა. აქამდეც მითქვამს, რომ ჩემი თამაშის პირველი კრიტიკოსი მე ვარ და ზუსტად ვიცი, როდის ვთამაშობ კარგად და როდის - ვერ. არ არსებობს ისეთი თამაში, როდესაც მოედნიდან გამოვდივარ და ვამბობ, რომ 100%-ით კმაყოფილი ვარ. ისე კი, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ბოლომდე დავიხარჯო და გუნდის წარმატებაში შევიტანო ჩემი წვლილი.

- იანვარში სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება. რა გეგმები გაქვთ?

- „ვისლასთან“ 6 თვე მაკავშირებს კონტრაქტი და სავარაუდოდ შემოთავაზება მექნება გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. თუმცა, ამ ეტაპზე გადაჭრით არაფრის თქმა არ შემიძლია. შესაძლოა იანვარში წავიდე ან დავრჩე. ამის ალბათობა 50%-50%-ზეა. სავარაუდოდ, ორ-სამ კვირაში გაირკვევა ეს ყველაფერი. მაგრამ ამ ეტაპზე დასვენებაზე ვფიქრობ, რომ მეორე წრისთვის ენერგია კარგად აღვიდგინო. პაუზამდე ერთი ტურია დარჩენილი, მაგრამ ამ მატჩს ვტოვებ დისკვალიფიკაციის გამო.

- ერთა ლიგაზე როგორ შეაფასებდით საქართველოს ნაკრების გამოსვლას და რას ფიქრობთ ბელარუსის ნაკრებზე?

- რა თქმა უნდა, არმგონია, ადამიანი არსებობდეს, რომელიც უკმაყოფილო იქნება შედეგით. მაგრამ, სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს, უნდა ვეცადოთ, რომ მოახლოებული მატჩების დროს თითოეული ფეხბურთელი საუკეთესო ფორმაში ვიყოთ. იმედი მაქვს, რომ წარმატებას მივაღწევთ და ავიხდენთ იმ ოცნებას, რომელიც ჩვენთვის, ფეხბურთელებისთვის და ხალხისთვის ფინალურ ეტაპზე თამაშია. ბელარუსს რაც შეეხება, ძალიან რთული მეტოქეა, ხელწამოსაკრავი არაა, რადგან არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ნებისმიერ გუნდთან შეუძლიათ თამაში. თუმცა, საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და მცირე უპირატესობა გვაქვს და ეს მინდორზე აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. უკვე აღვნიშნე და გავიმეორებ, რომ კონკრეტულად ბელარუსთან თამაშის დროს ყველა ფეხბურთელი უნდა იყოს ჯანმრთელი და ფორმაში, ამ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებას მივაღწევთ.

- შვეიცარია, ირლანდია, დანია, გიბრალტარი - რა შანსი აქვს საქართველოს ნაკრებს?

- ჩემთვის პირადად ძალიან საინტერესო ჯგუფია. შესაძლოა, უფრო რთული ან ადვილი ჯგუფიც შეგხვედროდა, მაგალითად, პოლონეთის ჯგუფი და მე, როგორც პოლონეთში მოთამაშე ფეხბურთელი პოლონეთთა მოხვედრის დიდი სურვილი მქონდა. თუმცა, საბოლოო ჯამში საინტერესო ჯგუფია, თუ გადავხედავთ სათამაშო სტილსაც, ყველას განსახვავებული აქვს. დარწმუნებული ვარ ჩვენთან თამაში ყველას გაუჭირდება, განსაკუთრებით „დინამო არენაზე“, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ სტადიონი გაივსება. რა თქმა უნდა, უნდა ვეცადოთ, რომ სახლში ყველა თამაშში გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ და სტუმრად თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა ექნება. დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ამ ჯგუფში ჩვენ სიტყვას ვიტყვით და ჯგუფიდან გასასვლელად ვიბრძოლებთ. რა თქმა უნდა, რთული იქნება, მაგრამ გვყავს იმ დონის ფეხბურთელები და გუნდში ისეთი ატმოსფეროა, შეგვიძლია ნებისმიერ მეტოქესთან ბრძოლა. ვეცდებით, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალამდე გავინაღდოთ ფინალურ ეტაპზე გასვლა.

- ვლადიმირ ვაისზე რას იტყოდით?

- რთულია მწვრთნელზე ილაპარაკო. თუმცა, ძალიან დადებითი პიროვნებაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე მთავარი ისაა, რომ მან ნაკრებში ძალიან კარგი ატმოსფერო ჩამოაყალიბა. ფეხბურთელებსა და მწვრთნელს შორის კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია წარმატებისთვის. სწორედ ეს ყველაფერია სამომავლო წარმატების საწინდარი. როგორც მწვრთნელი, მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია მხოლოდ. თანაც, ჩემი მხრიდან არ გამოდის ლაპარაკი, რადგან შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ დიდი ხნის პაუზის შემდეგ ნაკრებში თამაშის შანსი მომცა... ამიტომ, ჩემი მხრიდან ნაკლებად საჭიროა ამ საკითხზე საუბარი. თუმცა, რა თქმა უნდა ძალიან დადებითი პიროვნებაა, რაც ფეხბურთელებისთვის მნიშვნელოვანია.

- პოლონეთის ჩემპიონატი რომ შეადაროთ სერბეთისა და საბერძნეთის ჩემპიონატებს, სადაც აქამდე გითამაშიათ?

- შედარებაც არ შეიძლება. თუ გადავხედავთ რა დონეცაა პოლონეთში, საბერძნეთსა და სერბეთში. ვინც ამ ჩემპიონატებს თვალს ადევნებს, ყველა დამეთანხმება, რომ ნებისმიერი თვალსაზრისით პოლონეთი გაცილებით მაღლა დგას. ინფრასტრუქტურით, მედიის გაშუქების მხრივ, მინდვრის საფარით, გულშემატკივართა დასწრებით... ამ ეტაპზე ნამდვილად მაღლაა. ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ფეხბურთელმა პროგრესზე და განვითარებაზე იფიქროს. ადრეც მითქვამს, რომ გული მწყდება, რომ ის 2 წელი, რომელიც საბერძნეთში დავკარგე, პოლონეთში რომ გამეტარებინა, უფრო მეტად განვითარდებოდი და მეტს მივაღწევდი.

0.11738