კალათბურთი

17:57 | 19.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"თსუ-ჰიუნდაიმ" სუპერლიგაში ზედიზედ მე-5 გამარჯვება "ბათუმთან" მოიპოვა

სუპერლიგის მე-5 ტური დღეს ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო. პირველ მატჩში ერთმანეთს განსხვავებული შედეგების მქონე გუნდები – “თსუ-ჰიუნდაი” და “ბათუმი” შეხვდნენ. აჭარულ კლუბს ბოლო 3 მატჩი წაგებული ჰქონდა, თსუ-ჰიუნდაელებს კი გასული 4 შეხვედრა – მოგებული. ტრადიცია გაგრძელდა: ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა თბილისურმა გუნდმა გია კაზანჯიანის “ბათუმს” 83:70 სძლია.

ზღვისპირელები იოლად არ დანებებულან. “ბათუმმა” საკმაოდ კარგად ჩაატარა პირველი ნახევარი, რომლის შემდეგაც 39:36 იგებდა. ნოდარ გოგოძისა და ელჯეი ბუსის სამქულიანებით სტუმრებმა მეორე პერიოდი 25:16 მოიგეს და საწყისი მეოთხედის შემდეგ დაგროვილი ჩამორჩენა ლიდერობად აქციეს.

მესამე ათწუთეულში თსუ-ჰიუნდაელებმა დაცვის ხარჯზე თამაში გამოასწორეს. პერიმეტრი გადაკეტეს, რითაც მეტოქეს შორი სროლების შესრულება შეუზღუდეს, თავად კი სწრაფი შეტევებითა და საჯარიმოში, პოზიციული თამაშით მატჩის სადავეებს დაეპატრონნენ. მესამე მეოთხედი ჰიუნდაელებმა 20:15 მოიგეს, ბოლო პერიოდის წინ ლიდერობა დაიბრუნეს და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს.

საბოლოოდ მასპინძლებმა 13 ქულით იმარჯვეს და სუპერლიგაში გალიდერდნენ. გამარჯვებულებს 19 ქულით გიორგი კორსანტიამ ულიდერა. ჩარლზ მილიკენის ანგარიშზე 18 ქულა დაგროვდა, ხოლო ნიკა მეტრეველმა თსუ-ჰიუნდაელებს 14 ქულა მიაშველა. “ბათუმში” 24 ქულით საუეკთესო იყო ელჯეი ბუსი, ნოდარ გოგოძის ანგარიშზე კი 13 ქულა დაგროვდა.

თსუ-ჰიუნდაი – ბათუმი
სტატისტიკა: 83:70

www.gbf.ge

0.105881