1972 წლის აპრილში, მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებამდე რამდენიმე თვით ადრე, „აპოლო-16"-ის ამერიკელმა ასტრონავტებმა - ჩარლზ დიუკმა და ჯონ იანგმა ოლიმპიური წლის აღსანიშნავად მთვარეზე სიმაღლეში ხტომაში „გაივარჯიშეს".
სწორედ „მთვარის ოლიმპიადის" შემოქმედი ასტრონავტები გაიხსენეს ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტის (IOC) მუზეუმში მოწყობილ ღონისძიებაზე. IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა დედამიწიდან მთვარეზე გატანილი ოლიმპიური სულისკვეთებისთვის ჩარლზ დიუკს - ისტორიაში მეათე ადამიანს, რომელმაც მთვარეზე ფეხი დადგა, Sky is the Limit ჯილდო გადასცა.
„ჩარლზ დიუკმა გვაჩვენა, რომ ოლიმპიურ სულისკვეთებას სულაც არ აქვს საზღვრები, - განაცხადა თომას ბახმა,- აპოლო-16 ასევე იყო ოლიმპიური ღირებულებების გამოვლენა. ყოველმხრივ გამოსარჩევია ის, რაც დიუკმა და იანგმა გააკეთეს. ოლიმპიური დევიზის - Citius, Altius, Fortius („უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერ") ამაზე უკეთეს მაგალითს ვერც მოვიყვან. მესამე ასტრონავტ კენ მეტინგლისთან ერთად, რომელიც მთვარისორბიტაზე ფრენით ამხნევებდა მისიას, ეს იყო გუნდური სულის გამოხატულებაც..."
ჩარლზ დიუკმა თომას ბახს ჯილდოსთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათ მთვარზე წაღებული ჰქონდათ ორი - დიდი და პატარა ოლიმპიური დროშა, რომლებიც მისიის დასრულების შემდეგ აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) გადასცეს. გარდა ამისა, დიუკმა ერთ-ერთი ოლიმპიური დროშის ოლიმპიური მუზეუმისთვის გადაცემის პირობაც დადო.
www.geonoc.org.ge