კალათბურთი

20:05 | 17.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია და შერმადინი ტურის რჩეულთა შორის

ესპანურმა ლიგა ენდესამ მე-12 ტურის საუკეთესო მომენტების შვიდეული გამოაქვეყნა და სასიხარულოა, რომ რჩეულთა შორის 2 ქართველი კალათბურთელიც მოხვდა. ორივე შემთხვევაში, ესპანელებმა ჩვენებურთა ეფექტური სლემდანქები დააფასეს: მე-6 ადგილზე თორნიკე შენგელიას ეპიზოდი მოხვდა “იბეროსტარ ტენერიფესთან”, მეოთხეზე კი – გიორგი შერმადინი და მისი უმნიშვნელოვანესი შეტევა “ბარსელონასთან”.

შეგახსენებთ, რომ ბასკონიელებმა ტენერიფელებთან 63:70 წააგეს, შენგელიამ კი მოედანზე 32:24 წუთი გაატარა და ორმაგი დუბლი გაიფორმა. თოკოს აქტივში 18 ქულა, 10 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა იყო. მან 10-დან 7 ორქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამი სამქულიანი არაზუსტად ისროლა. შედეგად, ჩვენებურის მარგი ქმედების კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა, რაც „ბასკონიას“ რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
რაც შეეხება შერმადინს, ის “ბარსელონასთან” მოგებულ (78:73) მატჩში სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 17:38 წუთში 4 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 1 საჯარიმო ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
საინტერესოა, რომ 23 დეკემბერს “უნიკახა” და “ბასკონია” სწორედ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, ამდენად, ქართულ დუელსაც ვიხილავთ.

0.119473