ფეხბურთი

22:44 | 16.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

სუპერშაჩირი

„ლივერპულმა“ ტურის მთავარ მატჩში „მანჩესტერს“ 3:1 მოუგო და ერთი დღით დაკარგული პირველი ადგილი დაიბრუნა.

მერსისაიდელებმა 36-ჯერ დაარტყეს მეტოქის კარისკენ, აქედან 11 კარის ჩარჩოში. 13 კუთხური მოაწოდეს, მანჩესტერელების ორის წინააღმდეგ. კიდევ რა ციფრებია საჭირო „ლივერპულის“ დიდი უპირატესობის დასამტკიცებლად. „ძველი მტრების“ 201-ე შეხვედრაში „წითლებმა“ დამსახურებულად გაიმარჯვეს. თუმცა, თავიდან არცთუ იოლად იყო საქმე. მანეს გოლს მალევე მასპინძელთა ბრაზილიელი მეკარის, ალისონის ბავშვური შეცდომა მოჰყვა და ლინგარდმა ანგარიში გაათანაბრა.

ყველაფერი მინდორზე ჯერდან შაჩირის გასვლის შემდეგ შეიცვალა. შვეიცარიელი მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა (Daily Mail-მა მას სუპერშეცვლა უწოდა) და სამ წუთში მეორე, კიდევ შვიდ წუთში კი მესამე გოლები გაუტანა სტუმრებს. მის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, მოგეხსენებათ, ის ჯერ ვერ იქცა ძირითადის მოთამაშედ და ყოველ ტურში უწევს იურგენ კლოპისთვის თავისი ვარგისიანობის დამტკიცება.

იოლი არ გამოდგა „ჩელსის“ „ბრაიტონთან“ სტუმრობაც. პირველი ტაიმის შემდეგ, შესაძლოა, ასე არც გვეთქვა. „არისტოკრატებმა“ მეტოქეს აჯობეს და შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ. გოლები პედრომ და აზარმა გაიტანეს.

მეორე ნახევარში კი ეტყობა, სტუმრებმა საქმე მოთავებულად ჩათვალეს, ყოველ შემთხვევაში, მოდუნება დაეტყოთ და „თოლიებიც“ გაცოცხლდნენ. მერე, მათმა მწვრთნელმა, კრის ჰოუტონმა ერთი წარმატებული შეცვლაც განახორციელა, გლენ მიურეის ნაცვლად მინდორზე ფლორინ ანდონე გაიყვანა და მასპინძელთა შეტევები უფრო სახიფათო გახდა. რუმინელმა გვარიანად ანერვიულა მეტოქე მცველები, თუმცა გოლი სოლი მარჩმა გაიტანა.

მასპინძლებმა ბოლოსკენ წნეხი კიდევ უფრო გააძლიერეს, მაგრამ „დაბრუნება“ არ გამოუვიდათ. „ჩელსიმ“ სამი ქულა მოიპოვა და არა მხოლოდ შეინარჩუნა ცხრილში მეოთხე ადგილი, არამედ, სამი ქულითაც გაუსწრო უშუალო მდევარ „არსენალს.“

„მესამეც უნდა გაგვეტანა, მაშინ ყველაფერი ადრევე დამთავრდებოდა. მაგრამ ვერ მოვახერხეთ. კარგია, რომ გავიმარჯვეთ. სეზონის ბოლოს ლიდერთა შორის გვინდა ყოფნა. „სიტი“ და „ლივერპული“ კარგი გუნდები არიან, მაგრამ არც „ჩელსია“ ნაკლები.
- უთხრა მატჩის შემდეგ აზარმა BBC-ის.

“საუთჰემპტონმა“ და „არსენალმა“ „სენტ მერიზე“ დიდი ორთავჯანი გამართეს. დუბლით გამოირჩნენ დენი ინგზი და ჰენრიხ მხითარიანი. გამარჯვებისა კი 85-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა ჩარლი ოსტინმა გაიტანა

„მეთოფეებს“ პრემიერლიგაში აგვისტოს შემდეგ აღარ წაეგოთ. ეს კი ჯამში 14 მატჩს ითვლიდა. „საუთჰემპტონს“ კი წლევანდელ სეზონში შინ ვერ ემარჯვა და ახალი, ავსტრიელი მთავარი მწვრთნელის, 51 წლის რალფ ჰაზენჰიუტლის საშინაო დებიუტიც იღბლიანი აღმოჩნდა.

ინგლისი

პრემიერლიგა. მე-17 ტური. 16 დეკემბერი

ბრაიტონი - ჩელსი 1:2

ბრაიტონი. „ფალმერი.“ 30 645

0:1 პედრო (17), 0:2 აზარი (33), 1:2 მარჩი (66)

ბრაიტონი: რაიანი, დანკი, ბალოგუნი, მონტოია, ბერნარდო, სტივენსი, გროსი (ბისუმა 81), პროპერი, ნოკარი (ლოკადია 84), მიურეი (ანდონე 60), მარჩი

მწვრთნელი: კრის ჰოუტონი

ჩელსი: კეპა, რუდიგერი, ალონსო, ასპილიკუეტა, ლუისი, ჟორჟინიო, კანტე, კოვაჩიჩი (ბარკლი 75), აზარი (ჟირუ 83), პედრო (ლოფტუს ჩიკი 66), ვილიანი

მწვრთნელი: მაურიციო სარი

მსაჯი: სტიუარტ ატველი

გაფრთხიება: დანკი (55), ანდონე (69); ალონსო (87), კეპა (90)

საუთჰემპტონი - არსენალი 3:2

საუთჰემპტონი. „სენტ მერი.“ 29 497

1:0 ინგზი (20), 1:1 მხითარიანი (28), 2:1 ინგზი (44), 2:2 მხითარიანი (53), 3:2 ოსტინი (85)

საუთჰემპტონი: მაკარტი, ესიდა, ვესტერგორი, ბედნარეკი, რომეუ, ჰოიბერგი, ტარგეტი, ვალერი, ინგზი (ოსტინი 71), არმსტრონგი (ჯონსონი 90+4), რედმონდი (ლონგი 63)

მწვრთნელი: რალფ ჰაზენჰიუტლი

არსენალი: ლენო, ბელერინი (ლაკაზეტი 46), კოშელნი, ლიხტშტაინერი (მეტლანდ-ნაილსი 74), მონრეალი, ტორეირა, გენდუზი, ჯაკა, მხითარიანი, ობამეიანგი, ივობი (იოზილი 70)

მწვრთნელი: უნაი ემერი

მსაჯი: კრის კავანა

გაფრთხილება: არმსტრონგი (71), ლონგი (90+5); კოშელნი (60)

ლივერპული - მანჩესტერი 3:1

ლივერპული. „ენფილდი.“ 52 908

1:0 მანე (24), 1:1 ლინგარდი (33), 2:1, 3:1 შაჩირი (73, 80)

ლივერპული: ალისონი, ლოვერნი, კლაინი, ვან დეიკი, რობერტსონი, ვეინალდუმი, ფაბინიო, კეიტა (შაჩირი 70), ფირმინო, სალაჰი, მანე (ჰენდერსონი 84)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მანჩესტერი: დე ხეა, იანგი, დარმიანი, ლინდელოფი, ბაილი, დალოტი (ფელაინი 46), მატიჩი, ერერა (მარსიალი 79), ლინგარდი (მატა 85), ლუკაკუ, რაშფორდი

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიუ

მსაჯი: მარტინ ატკინსონი

გაფრთხილება: დალოტი (26), ლუკაკუ (40)

0.119194