ძიუდო

14:43 | 16.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვარლამ ლიპარტელიანმა სეზონი მასტერსის ოქროთი დააგვირგვინა

ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ) 2018 წლის სეზონის დასკვნითი ტურნირი – მსოფლიოს მასტერსი დაუმარცხებლად ჩაატარა და ოქროს მედალს დაეუფლა. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა დღევანდელი წარმატებით თავის წონით კატეგორიაში მსოფლიოს რეიტინგის ლიდერის პოზიცია კიდევ უფრო გაიმყარა.

ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში მიმდინარე შეჯიბრებაზე ლიპარტელიანმა ფინალის გზაზე სამი მეტოქე ჩამოიშორა: რუსეთის ნაკრების წევრი ნიაზ ბილალოვი, ირლანდიელი ბენჟამინ ფლეჩერი და ებრაელი პეტერ პალჩიკი. გადამწყვეტ ბრძოლაში კი მონღოლი ოტგონბაატარ ლხაგვასურენი არ გამოუცხადდა.

2018 წლის მსოფლიოს მასტერსზე ტატამზე სულ საქართველოს ნაკრების შვიდი წევრი გავიდა. ორდღიანი შეჯიბრების პირველ დღეს – 15 დეკემბერს კონკურენციაში ოთხი ქართველი ჩაება და სამმა მედალი მოიპოვა. ამირან პაპინაშვილი (60 კგ) ვერცხლს დაეუფლა, ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) – ბრინჯაოებს. საპრიზო სამეულს მიღმა გუშინ მხოლოდ ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) დარჩა.

დღეს ლიპარტელიანის მსგავსად, დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ). ფინალში მისი მეტოქე ბრაზილიელი რაფაელ სილვა იქნება. დღესვე იჭიდავა ბექა ღვინიაშვილმაც (90 კგ), მაგრამ საწყის ეტაპზევე დამარცხდა, ჰოლანდიელ ნოელ ვან ტენდთან.

0.125825