ფეხბურთი

1:00 | 15.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დავით პეტრიაშვილი არენაზე" ფეხბურთის ექიმთა საგანმანათლებლო პროგრამის კურსი მიმდინარეობს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ორგანიზებით, "დავით პეტრიაშვილი არენაზე" ფეხბურთის ექიმთა საგანმანათლებლო პროგრამის მორიგი კურსი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, სასწავლო კურსის მთავარი თემა საფეხბურთო პრაქტიკაში გადაუდებელი სიტუაციების მართვა იქნება.

ზაზა დოლიძე - ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი:"ფეხბურთის განვითარების ფონდის მთავარი ამოცანაა, რომ ხელი შეუწყოს ყველა იმ მიმართულების განვითარებას, რომელიც ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. რა თქმა უნდა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მედიცინაა. ამ მიმართულებით, კვალიფიციური კადრების არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მიმდინარე კურსები მიმართულია გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის დროს სხვადასხვა უნარების გამომუშავებისკენ, რომლებიც თანამედროვე ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მოხარულები ვართ, რომ გვეძლევა საშუალება ხელი შევუწყოთ აღნიშნული კურსის ჩატარებას."

კურსები სამი დღის განმავლობაში ჩატარდება და მასში მონაწილეობას ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების ექიმებთან ერთად, საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ექიმები მიიღებენ. თეორიულ სწავლებასთან ერთად კურსანტები პრაქტიკულ სავარჯიშოებს შეასრულებენ.

მერაბ ვარძუკაშვილი - კურსის ხელმძღვანელი: "მოხარული ვარ, რომ ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დახმარებით ასეთი კურსი ტარდება. რა თქმა უნდა, აღნიშნული სასწავლო პროგრამა ქართულ ფეხბურთში დასაქმებული ექიმებისთვის მნიშვნელოვანია იქედან გამომდინარე, რომ ისინი შეიძენენ იმ უნარ- ჩვევებს, რომლებიც მათ საფეხბურთო პრაქტიკაში გადაუდებელი სამედიცინო სიტუაციების მართვაში დაეხმარება.

სასწავლო პროცესში ყურადღებას თავის ტვინის შერყევაზე გავამახვილებთ, რადგან ფიფას მიერ ჩატარებულმა უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბოლო პერიოდში თავისა და სახის ტრავმების რაოდენობამ იმატა."

სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, შესაბამისი გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კურსის მონაწილეები სპეციალურ სერტიფიკატს მიიღებენ.

სოფიო კონიაშვილი - საქართველოს 20-წლამდე ნაკრების ექიმი: "მიმდინარე კურსები თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში იმიტომ, რომ გამოვიმუშაოთ შესაბამისი უნარები და ექსტრემალურ სიტუაციაში, თამაშისა თუ ვარჯიშის დროს არ დავიბნეთ. კურსზე წარმოდგენელი საკითხების დეტალურად შესწავლა მოგვცემს საშუალებას, რომ მომავალში მოთამაშეებს უფრო მაღალ დონეზე და სრულყოფილად ჩავუტაროთ პირველადი სამედიცინო დახმარება".

www.gff.ge

0.123539