კალათბურთი

20:27 | 13.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეთა ვინაობა ცნობილია

სერბეთის დედაქალაქმა ბელგრადმა კალათბურთში 2019 წლის ასაკობრივი ევროპის ჩემპიონატების წილისყრას უმასპინძლა. გაისად, ვაჟთა სამივე ნაკრები (16, 18 და 20-წლამდე) B დივიზიონში ითამაშებს, გოგონათა ორივე გუნდი (16 და 18-წლამდე) კი ძალებს C დივიზიონში მოსინჯავს.

საქართველოს 20-წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩებს პორტუგალიურ მატოსინოსში 12-21 ივლისს გამართავს. C ჯგუფში ქართველ კალათბურთელთა მეტოქეები შვედეთი, კოსოვო, ჰოლანდია, ესტონეთი და სომხეთი იქნებიან.


26 ივლისიდან 4 აგვისტომდე პერიოდში რუმინული ორადეა უმასპიმძლებს 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონს. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მოხვდა და თამაში ირლანდიასთან, დანიასთან, უკრაინასთან, სლოვაკეთთანა და მაკედონიასთან მოუწევს.


საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩების ჩასატარებლად 8-17 აგვისტოს მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცას ესტუმრება. B ჯგუფში ქართველთა მეტოქეები ირლანდია, ჰოლანდია, კვიპროსი, პორტუგალია და ჩეხეთი იქნებიან.


საქართველოს 18-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის მატჩებს 30 ივლისიდან 4 აგვისტომდე პერიოდში ანდორა ლა ველაში ჩაატარებს. B ჯგუფში ქართველთა მეტოქეები სომხეთი და გიბრალტარი იქნებიან, A ჯგუფი კი მოლდოვამ, მონაკომ, მალტამა და ანდორამ დააკომპლექტეს.


საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის მატჩების გამართვა მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვში 16-21 ივლისს მოუწევს. ქართველი გოგონები A ჯგუფში მასპინძელთა ნაკრების გარდა, გიბრალტარს ეთამაშებიან, B ჯგუფში კი შოტლანდია, მალტა, უელსი და კვიპროსი გაირჯებიან.


აღსანიშნავია, რომ 16 სხვადასხვა ასაკობრივ ტურნირში, საერთო ჯამში, 256 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.

0.34924