კალათბურთი

21:30 | 12.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასის მფლობელი “ქუთაისი” გახდა

საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული გახდა საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი”. ლეგენდარული ქართველი კალათბურთელისა და მწვრთნელის, ოთარ ქორქიას სახელობის ტიტული იმერულმა კლუბმა მოიგო, რომელმაც სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი “დინამო” 75:67 დაამარცხა.

ტრადიცულად, სუპერთასის ტიტულისთვის სუპერლიგის ჩემპიონი და საქართველოს თასის მფლობელი ხვდებიან. გასულ სეზონში თასის მფლობელი “ქუთაისი” გახდა, ჩემპიონობა კი დინამოელებმა მოიპოვეს. ამ გუნდებმა 2018-2019 სეზონის ერთ-ერთი პრესტიჟული ტიტული დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გაითამაშეს.

მატჩი ქუთაისელთა უპირატესობით დაიწყო და პირველი პერიოდის შემდეგ კოტე ტუღუშის გუნდი 16:10 დაწინაურდა. მეორე მეოთხედში ვითარება არ შეცვლილა. იმერულმა კლუბმა უპირატესობა გაიმყარა და დიდი შესვენებისთვის 17 ქულით – 42:25 დაწინაურდა.

თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი ჩანდა, თუმცა დინამოელები არ დანებდნენ, მესამე პერიოდი 23:17 მოიგეს და გადამწყვეტ ათწუთეულში ქუთაისელებს მოსაგებად შეუტიეს. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა გუნდური თამაშის წყალობით ჩამორჩენის 4 ქულამდე აღმოფხვრა მოახერხა, თუმცა ქუთაისელებმა მალევე მიითვალეს გასამარჯვებლად აუცილებელი ქულები და სუპერთასის მოგება გაინაღდეს.

“ქუთაისს” 14 ქულითა და 11 მოხსნით ტერენს ტომპსონმა ულიდერა. 14 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა ჯონათან ლიმ, ხოლო ლევან ფაცაციამ შეხვედრა 13 ქულით დაასრულა. “დინამოში” 17 ქულით როჯერ დოუელი გამოირჩა. მიხეილ ჭოჭუას ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა.

დიდი შესვენების დროს დაჯილდოვდა გასული სეზონის საუკეთესო მწვრთნელი. 2017-2018 წლების სეზონის ჩემპიონი “დინამოს” მთავარი მწვრთნელი, ირაკლი ხოშტარია ლეგენდარული ქართველი სპეციალისტის, გიორგი ავალიშვილის სახელობის პრიზით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა დააჯილდოვა.

მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ დაჯილდოვებაზე ქუთაისელთა კაპიტან გიორგი ბარბაქაძეს ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი ვეტერანმა კალათბურთელმა, კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრმა ნოდარ ქორქიამ და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა გადასცეს.

www.gbf.ge

0.115368