ფეხბურთი

19:45 | 11.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მჭედლიძე გოლის მოლოდინში

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „ემპოლის“ ტავდამსხმელი ლევან მჭედლიძე ხანგრძლივი უქმობის შემდეგ მოედანს მიმდინარე სეზონში დაუბრუნდა. ლევანი ოთხჯერ გამოჩნდა იტალიის სერია A-ში მოედანზე და იმედოვნებს, მალე გოლების გატანასაც დაიწყებს.

აღსანიშნავია, რომ „ემპოლის“ ახალი მწვრთნელი ჰყავს ჯუზეპე იაკინი, რომლის მოსვლის შემდეგაც, ტოსკანელებმა შედეგები გამოასწორეს - 4 თამაში, 3 მოგება, 1 ფრე, 10 ქულა.

ლევანი სწორედ იაკინის მნიშვნელობაზე საუბრობს გამოცემა La Nazione-სთან და იმედოვნებს, რომ გოლს მალე გაიტანს:

„ბოლო გოლიდან ძალიან დიდი დრო გავიდა და ამაზე არ ვფიქრობ, მაგრამ ნათელია, რომ თავდამსხმელისთვის ეს ყოველდღიური პურია. ვმუშაობ და იმედი მაქვს, რომ მალე გავიტან. ეს კარგი იქნება, როგორც ჩემთვის, ისე გუნდისთვის.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და ბოლო შედეგებით ძალიან კმაყოფილები ვართ, მაგრამ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. ვფიქრობ, რომ მწვრთნელის ცვლილება იგრძნობა, მაგრამ ჩვენც მეტ ენერგიას ვდებთ, რადგან ვიცოდით, რომ რასაც მანამდე ვაკეთებდით, საკმარისი არ იყო. იაკინის ხელი გუნდს დაეტყო, დაღამებამდე ვმუშაობთ. მისი სასწავლო გეგმა ნათელია, ჩვენ ვსაუბრობთ მწვრთნელზე, რომელსაც ნამდვილად არ სჭირდება წარდგენა, მისი გავლენა დადებითია და ვცდილობთ გავაგრძელოთ ისე, როგორც აქამდე მოვედით.

„სპალთან“ შეხვედრაში მეტის გაკეთება შეგვეძლო და კარკვეულ ეპიზოდებში ყურადღება მოვადუნეთ, თუმცა, ეს ნამდვილად კარგი თამაში იყო. საქმის კეთება მშვიდად უნდა გავაგრძელოთ, რადგან გადამწყვეტი მომენტი ჯერ არაა.

ბედნიერი ვარ, თუნდაც გასახდელის კაცი მერქვას. აქ დიდი ხანია ვარ და ნორმალურია, რომ პასუხისმგებლობა მეც მეკისრება“, - ამბობს მჭედლიძე.

შეგახსენებთ, რომ მჭედლიძემ მიმდინარე სეზონში 4 თამაში ჩაატარა, ხოლო „ემპოლი“ 15 ტურის შემდეგ 16 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფება.

0.110386