ძიუდო

16:33 | 11.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

გურამ თუშიშვილი – საუკეთესო ძიუდოისტი მსოფლიო რეიტინგში

გუანჟოუს მასტერსის დაწყებამდე, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

სასიხარულოა, რომ მამაკაცთა და ქალთა გაერთიანებულ კლასიფიკაციას სათავეში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი უდგას, რომელიც მძიმე წონით კატეგორიაში ასპარეზობს. თუ რა მდგომარეობა გვაქვს სხვადასხვა წონებში, ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ.


60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ქართველ ძიუდოისტთაგან საუკეთესო შედეგი ამირან პაპინაშვილს აქვს, რომელიც წლებია სტაბილურად ირჯება და ახლაც, 5 018 ქულით მე-3 პოზიცია უკავია. მის წინ მხოლოდ იაპონელები რიუჯუ ნაგაიამა და ნაოჰისა ტაკატო არიან, კვალში კი რუსეთის დროშის ქვეშ მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძე უდგას. ამავე წონაში ლუხუმ ჩხვიმიანი (2 667) მეთხუთმეტეა, ჯაბა პაპინაშვილი (856) კი – 45-ე.

60 კგ.
1. რიუჯუ ნაგაიამა (იაპონია) - 6970
2. ნაოჰისა ტაკატო (იაპონია) - 5700
3. ამირან პაპინაშვილი (საქართველო) - 5018
4. რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი) - 4800
5. ფრანსისკო გარიგოსი (ესპანეთი) - 4173
15. ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო) - 2667
45. ჯაბა პაპინაშვილი (საქართველო) - 856

ასევე მხოლოდ იაპონელია ქართველის წინ 66 კგ-ში, სადაც ჰიფუმი აბე ლიდერობს, ვაჟა მარგველაშვილი კი 5 326 ქულით მეორეა. ჩვენებური მე-3 ადგილზე მყოფ ებრაელ ტალ ფლიკერს ათას ქულაზე მეტით უსწრებს, სხვა ქართველთა მდგომარეობა კი ასეთია: ბაგრატ ნინიაშვილი 1 1133 ქულით 42-ე საფეხურზეა, ხოლო ლაშა გიუნაშვილი 878 ქულით – 55-ე.

66 კგ.
1. ჰიფუმი აბე (იაპონია) - 6800
2. ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო) - 5326
3. ტალ ფლიკერი (ისრაელი) - 4268
4. ბაულ ანი (სამხრეთ კორეა) - 4250
5. ბარუხ შმაილოვი (ისრაელი) - 4063
42. ბაგრატ ნინიაშვილი (საქართველო) - 1133
55. ლაშა გიუნაშვილი (საქართველო) - 878

იდენტური ვითარება გვაქვს 73 კგ-მდე წონით კატეგორიაშიც: პირველი იაპონელი სოიჩი ჰაშიმოტოა, მეორე კი – ლაშა შავდათუშვილი, რომლის აქტივშიც 5 451 ქულაა. ლაშას მცირედით ჩამორჩება სამხრეთკორეელი ჩანგრიმ ანი, ფრიდონ გიგანს კი 534 ქულით 76-ე პოზიცია უკავია.

73 კგ.
1. სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია) - 6440
2. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო) - 5451
3. ჩანგრიმ ანი (სამხრეთ კორეა) - 5380
4. ტომი მასიასი (შვედეთი) - 4746
5. ოდბაიარ განბაატარი (მონღოლეთი) - 4445
76. ფრიდონ გიგანი (საქართველო) - 534

საქართველოს ნაკრებისთვის ყველაზე სავავალო ვითარება 81 კგ-ში გვაქვს, სადაც ჩვენებურთაგან საუკეთესო ზებედა რეხვიაშვილი 2 099 ქულით მხოლოდ 22-ე ადგილზეა, სამაგიეროდ, მოწინავე ასეულში კიდევ 5 ქართველი ძიუდოისტია. ამ წონაში იაპონელთა ჰეგემონია დარღვეულია: სოტარო ფუჯივარა მესამეა, მის წინ კი ირანელი საეიდ მოლაეი და ჰოლანდიელი ფრანკ დე ვიტი იმყოფებიან.

81 კგ.
1. საეიდ მოლაეი (ირანი) - 6693
2. ფრანკ დე ვიტი (ჰოლანდია) - 4946
3. სოტარო ფუჯივარა (იაპონია) - 4285
4. ხასან ხალმურზაევი (რუსეთი) - 4160
5. ალან ხუბეცოვი (რუსეთი) - 3834
22. ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო) - 2099
33. თამაზ კირაკოზაშვილი (საქართველო) - 1561
42. ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო) - 1171
71. ტატო გრიგალაშვილი (საქართველო) - 544
89. ლუკა მაისურაძე (საქართველო) - 406
99. კობა მჭედლიშვილი (საქართველო) - 344

ქართველი ნიკოლოზ შერაზადიშვილი იმყოფება 90 კგ-მდე წონითი კატეგორიის სათავეში, თუმცა, სამწუხაროდ, ის ესპანეთის სახელით ირჯება. მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს კვალში სერბი ალეკსანდარ კუკოლი და უნგრელი კრისტიან ტოტი უდგანან, ბექა ღვიანიაშვილი კი 3 877 ქულით მეშვიდეა. მე-13 პოზიცია უპყრია უშანგი მარგიანს (3 165 ქულა), ასეულში კი ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლაშა ბექაური და გიორგი პაპუნაშვილიც ფიგურირებენ.

90 კგ.
1. ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი) - 5819
2. ალეკსანდარ კუკოლი (სერბეთი) - 5088
3. კრისტიან ტოტი (უნგრეთი) - 4813
4. ივან ფელიპე სილვა მორალესი (კუბა) - 4255
5. დონგჰან გვაკი (სამხრეთ კორეა) - 4161
7. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო) - 3877
13. უშანგი მარგიანი (საქართველო) - 3165
44. ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო) - 1016
60. ლაშა ბექაური (საქართველო) - 700
64. გიორგი პაპუნაშვილი (საქართველო) - 644

100 კგ-მდე წონაში უძლიერესის ტიტულს ინარჩუნებს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი. მასთან ყველაზე ახლოს ჰოლანდიელი მიხაელ კორელი და სამხრეთკორეელი გუჰამ ჩო იმყოფებიან. ორმოცდაათეულში შედიან ონისე სანებლიძე და ლაშა ტაველური, იასონ ნემსაძე კი მსოფლიოში 89-ეა.

100 კგ.
1. ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო) - 6558
2. მიხაელ კორელი (ჰოლანდია) - 5706
3. გუჰამ ჩო (სამხრეთ კორეა) - 4896
4. პეტერ პალჩიკი (ისრაელი) - 4582
5. ჟორჟე ფონსეკა (პორტუგალია) - 3793
47. ონისე სანებლიძე (საქართველო) - 953
50. ლაშა ტაველური (საქართველო) - 850
89. იასონ ნემსაძე (საქართველო) - 324

დასასრულ მძიმე წონით კატეგორიაზეც (+100 კგ.) ვთქვათ, სადაც გურამ თუშიშვილს აქტივში 7 202 ქულა აქვს. როგორც აღვნიშნეთ, ეს ყველა წონაში საუკეთესო მაჩვენებელია, ამდენად, გასაკვირი არაა, რომ ქართველი ძიუდოისტი უახლოეს მდევარ – ჩეხ ლუკაშ კრპალეკს ლამის 2 ათასი ქულით უსწრებს. სამწუხაროდ, პოზიციები ძალიან დათმეს ადამ ოქრუაშვილმა და ლევან მატიაშვილმა, რომლებიც არცთუ დიდი ხნის წინ, რეიტინგის მოწინავე ათეულში ტრიალებდნენ. სულ, მძიმე წონის საუკეთესო ასეულში 6 ქართველი ძიუდოისტი შედის.

+100 კგ.
1. გურამ თუშიშვილი (საქართველო) - 7202
2. ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი) - 5221
3. დუურენბაიარ ულზიიბაიარი (მონღოლეთი) - 3928
4. დავიდ მოურა (ბრაზილია) - 3778
5. კოკორო კაგეურა (იაპონია) - 3200
37. ადამ ოქრუაშვილი (საქართველო) - 1228
43. ლევან მატიაშვილი (საქართველო) - 1089
55. გელა ზაალიშვილი (საქართველო) - 756
56. ონისე ბუღაძე (საქართველო) - 750
82. გიორგი ქავთარაძე (საქართველო) – 364

0.121662