კალათბურთი

1:51 | 11.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის 23 ქულა და MVP-ს ტიტული მონტენეგროში

19 წლის ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ ადრიატიკის ლიგაში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა, მისმა “მეგა ბემაქსმა” კი მონტენეგროში ევროლიგის მონაწილე “ბუდუჩნოსტს” დიდი ბრძოლა გაუმართა, თუმცა, 85:91 წააგო.

ბითაძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 31:41 წუთი გაატარა, სანამ მე-5 პერსონალურ ფოლს მიიღებდა. გოგამ 14-დან 7 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და 23 ქულას 6 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება წაამატა.
ქართველი ლეგიონერის წინააღმდეგ 7-ჯერ დაჯარიმდნენ და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. შედეგად, მატჩის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტული სწორედ ჩვენებურს ერგო.
“მეგა ბემაქსს” 7 მოგება და 3 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 15 დეკემბერს, შინ, ერთპიროვნულ ლიდერ “ცრვენა ზვეზდასთან” ჩაატარებს.

0.169207