ფეხბურთი

10:52 | 11.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

წარდგენა - კელტური ჯადო
ირლანდიის ნაკრები

უხერხული მეტოქე - ირლანდიის ნაკრებთან საქართველოს ძალიან უჭირს. ეს არის გუნდი, რომელსაც ძალიან კარგად იცნობს ჩვენი ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდი, მაგრამ სჯობს არ იცნობდეს. რატომ? 9 მატჩი, 1 ფრე, 8 წაგება... ირლანდიურ წარსულზე ქვემოთ ვისაუბრებთ. მანამდე გავიცნოთ ირლანდიის დღევანდელი ფორმაციის ნაკრები.

WORLDSPORT.GE აგრძელებს საქართველოს ნაკრების მეტოქეების წარდგენას და ამჯერად, ბოლო, მეოთხე გუნდზე მიდგა ჯერი და ის მიკ მაკარტის ირლანდიაა.

ირლანდიას ბოლო პერიოდში კარგი დროება არ უდგას და თაობათა ცვლის პროცესმა ამ გუნდის თამაშზე გავლენა იქონია. კელტებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვერ მოახერხეს გასვლა, თუმცა, ერთ ნაბიჯში იყვნენ. ერთა ლიგაზე კი, საერთოდ წარუმატებლად ითამაშეს და С დივიზიონში დაქვეითდნენ. ბუნებრივია, წარუმატებელმა ასპარეზობამ ცვლილებებიც არ დააყოვნა და მთავარი მწვრთნელი მარტინ ონილი 5-წლიანი მუშაობის შემდეგ უსამსახუროდ დარჩა. გამოცდილი სპეციალისტი, კიდევ ერთმა გამოცდილმა, მიკ მაკარტიმ ჩაანაცვლა.

ერთა ლიგა

მაშინ, ჯერ კიდევ მარტინ ონილის გუნდი B დივიზიონის მეოთხე ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეობას დანია და უელსი უწევდნენ. კელტები ერთობ უსახუროდ გამოიყურებოდნენ ჯგუფურ ეტაპზე და 4 თამაშში ორი ქულა მოიპოვეს. ორივე დანიასთან (ჩვენი ჯგუფის კიდევ ერთი წარმომადგენელი) – 0:0, 0:0.

აი, უელსთან კი ირლანდიამ ორივე თამაში წააგო, შინ 0:1 და სტუმრად 1:4. შედეგად, 2 ქულა, ბოლო ადგილი და 2020 წლის ერთა ლიგაზე ადგილი C დივიზიონში.

მუნდიალი 2018-ის შესარჩევი ეტაპი

ირლანდია მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლშიც ჩვენი მეტოქე იყო. მარტინ ონილის გუნდმა 10 თამაშიდან 5 მოიგო, 4 ფრედ ითამაშა და ერთხელ დამარცხდა. ეს კი, მეორე ადგილისთვის გამოდგა საკმარისი, რამაც პლეი-ოფის საგზური მოუტანა. აი, აქ კი ირლანდია სუსტად გამოვიდა. კოპენჰაგენში დანიას უგოლოდ დაუზავდა, მაგრამ მერე დუბლინში შერცხვა, 1:5 წააგო და ფინალურ ეტაპს მიღმა დარჩა.

ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპი

არ გვიკვირს - ირლანდია აქაც საქართველოს ნაკრებთან ერთად იყო ჯგუფში. 10 თამაშში მოპოვებული 18 ქულა (5 მოგება, 3 ფრე, 2 წაგება) მესამე ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი, რაც პლეი-ოფის საგზურის მომტანი იყო. იქ, ირლანდიელებმა ბოსნიას ორი მატჩის ჯამში 3:1 აჯობეს და ფინალურ ეტაპზე გავიდნენ (1:1, 2:0).

ევროპის ჩემპიონატების ფინალური ეტაპი

ირლანდიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა სამჯერ მოახერხა. პირველად ეს 1988 წელს გააკეთა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართულ ტურნირზე ჯგუფში ჩარჩა (3 თამაში, 1 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება).

მეორედ კელტები ასეთ სიმაღლეზე ჯოვანი ტრაპატონიმ აიყვანა - 2012 წელს. უკრაინა პოლონეთში ირლანდია კიდევ უფრო წარუმატებლად გამოვიდა, ჯგუფში ისევ ჩარჩა, თან ისე, რომ ხორვატიასთან, ესპანეთთან და იტალიასთან სამივე მატჩი წააგო და ტურნირს უქულოდ დაემშვიდობა.

ყველაზე წარმატებული ბოლო გამოსვლა აღმოჩნდა 2016 წელს. მარტინ ონილის გუნდმა ჯგუფში ჯერ შვედეთთან ფრე ითამაშა (1:1), მერე ბელგიასთან წააგო (0:3), ხოლო ბოლო ტურში უმოტივაციო იტალიას მოუგო (1:0). 4 ქულით კი საუკეთესო მესამეადგილოსნებში მოხვდა და მერვედფინალში გავიდა.

პლეი-ოფის პირველ სტადიაზე კელტებს მასპინძელ საფრანგეთთან მოუწიათ დაპირისპირება, მაგრამ აშკარა ფავორიტისთვის არაფერი დაუთმია და 1:2 წააგო. ბრეიდიმ მეორე წუთზე გახსნა ანგარიში, თუმცა, მეორე ტაიმში სამწუთიან ინტერვალში ანტუან გრიზმანმა დუბლი შეასრულა და ირლანდიისთვის ევროფორუმი დასრულდა.

მწვრთნელი

როგორც უკვე ვთქვით, ირლანდიას ახალი, უფრო სწორედ, ძველ-ახალი მწვრთნელი ჰყავს მიკ მაკარტის სახით. 59 წლის სპეციალისტი ირლანდიის ნაკრებს 1996-2002 წლებში უკვე თავკაცობდა. სწორედ მისი თავკაცობით კელტები 2002 წლის მუნდიალის ფინალურ ეტაპზე გავიდნენ, სადაც გზად, პლეი-ოფში ჰოლანდიას აჯობეს და მუნდიალს მიღმა დატოვეს.

კორეა-იაპონიაში ირლანდიამ კარგად ითამაშა. ჯგუფში გერმანიას ჩამორჩა, მაგრამ კამერუნსა და საუდის არაბეთს აჯობა და მერვედფინალში გავიდა. იქ, ირლანდია ფავორიტ ესპანეთთს დაუპირისპირდა და დიდი ბრძოლა გაუმართა. გამარჯვებული 120 წუთში ვერ გამოვლინდა (1:1), ხოლო პენალტების სერიაში პირინელებმა იმარჯვეს.

ირლანდიის ნაკრებამდე მაკარტი „მილუოლს“ ავარჯიშებდა, ხოლო ნაკრებიდან წასვლის მერე „სანდერლენდს“ (2003-2006), „ვულვზს“ (2006-2012) და ბოლოს „იფსვიჩ თაუნს“ (2012-2018). როგორც ხედავთ, მაკარტი 26 წელია მწვრთნელია და სეზონი არ ჩაუგდია. ამ პერიოდში მხოლოდ 5 გუნდში იმუშავა. რაც მის სტაბილურობაზე ცალსახად მეტყველებს.

მწვრთნელობამზე ფეხბურთელი იყო და საკმაოდ წარმატებულიც. „ბარნსლი“, „მანჩესტერ სიტი“, „სელტიკი“, „ლიონი“ და „მილუოლი“ - ამ გუნდებში აქვს ნამუშევარი. ირლანდიის ნაკრებში პოზიციით მცველმა მაკარტიმ 1984-1992 წლებში 57 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

ვარსკვლავი და კონტიგენტი

ირლანდიის ნაკრების შემადგენლობა მთლიანად პრემიერლიგაში და ჩემპიონშიფში მოთამაშე ფეხბურთელებისგან შედგება. არიან ძალიან გამოცდილი და საინტერესო ფეხბურთელები, რომელთა კვალიფიკაციაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება.

რაც შეეხება ვარსკვლავს, ძალიან რთულია რომელიმე გამოარჩიოა, რადგან ყველა სტაბილურად ერთ დონეზე თამაშობს. აქ აღარ არიან როი კინის, რობი კინის ან დემიენ დაფის მსგავსი ლიდერები. ამის ფონზე, გუნდის კაპიტანი, ლივერპულის „ევერტონის“ მცველი სეამუს კოულმენი, რომელიც მარჯვენა მცველია.

მას მძიმე ტრავმა ჰქონდა, მაგრამ მოირჩინა და მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში ცხრაჯერ ითამაშა (1 გოლიც გაიტანა). საერთოდ, ის „ევერტონში“ უკვე დიდი ხანია, 2009 წლიდან მოყოლებული თამაშობს. რაც შეეხება ირლანდიის ნაკრებს, დებიუტი 2011 წელს ჰქონდა. ამ პერიოდში 49-ჯერ მოირგო მწვანე მაისური და თავი ერთხელ გამოიჩინა. არ იკითხავთ ეს ერთადერთი გოლი ვის გაუტანა? - საქართველოს... 2016 წლის 6 ოქტომბერს, დუბლინში ირლანდიამ სწორედ კოულმენის გოლით დაგვამარცხა.

ირლანდიის 2018 წელი

ირლანდიის ნაკრებმა 2018 წელს 10 მატჩი ჩაატარა და აქედან 4 ოფიციალური. ერთა ლიგის 4 მატჩზე ზემოთ მოგახსენეთ, 2 ფრე, 2 წაგება. აი, ამხანაგურ მატჩებს რაც შეეხება, სასიკეთოდ არც აქვთ კელტებს საქმე.

მოკლედ, 2018 წელს ირლანდიამ 10 მატჩი ჩაატარა, 1 მოიგო, 5 ფრე და 4 წაგება.

აქვე ყველა შეხვედრა:

სპარინგი: თურქეთი - ირლანდია 1:0

სპარინგი (არასაერთაშორისო): „სელტიკი“ - ირლანდია 2:2 (ბრაუნი, დოჰანი)

სპარინგი: საფრანგეთი - ირლანდია 2:0

სპარინგი: ირლანდია - აშშ 2:1 (ბურკი, იუდგი)

ერთა ლიგა: უელსი - ირლანდია 4:1 (უილიამსი)

სპარინგი: პოლონეთი - ირლანდია 1:1 (ობრაიენი)

ერთა ლიგა: ირლანდია - დანია 0:0

ერთა ლიგა: ირლანდია - უელსი 0:1

სპარინგი: ირლანდია - ჩრდ. ირლანდია 0:0

ერთა ლიგა: დანია - ირლანდია 0:0

ირლანდია საქართველოსთან

ირლანდიის ნაკრები ჩვენთვის კარგად ნაცნობია, მაგრამ რად გინდა?! – 9 მატჩი, 8 მარცხი და ერთადერთი ფრე. აქედან 8 ოფიციალური თამაში და ერთიც ამხანაგური. ჯერ სწორედ ამ სპარინგით დავიწყოთ – 2013 წლის ივნისში დუბლინში 4:0 წავაგეთ. ეს მატჩი ცუდად უნდა ახსენდებოდეს გიორგი ლორიას, რომელმაც მე-19 წუთზე წითელი ბარათი მიიღო და თითქმის მთელი თამაში საქართველოს ნაკრებს კაცნაკლულს მოუწია თამაში. გოლები კი რიჩარდ კეომ, საიმონ კოქსმა და რობი კინმა გაგვიტანეს. ამ უკანასკნელმა ეს ორჯერ გააკეთა.

რაც შეეხება ოფიციალურ მატჩებს: პირველად ჩვენი გზები ევრო 2004-ის შესარჩევში გადაიკვეთა: 2003 წლის 29 მარტს “მიხეილ მესხზე” სტუმრებმა ორჯერ იხეირეს: დემიენ დაფმა და გარი დოჰერტიმ. გადამწყვეტი გოლი დოჰერტიმ 84-ე წუთზე გაგვიტანა, არადა 62-ე წუთზე ლევან კობიაშვილის ულამაზესი ჯარიმით გათანაბრებაც მოვახერხეთ. იმავე წლის ივნისში კი, დუბლინში, 2:0 დაგვამარცხა მასპინძელმა გუნდმა: ჩვენს კარში გოლი ისევ გარი დოჰერტიმ შეაგდო, მასთან ერთად რობი კინმა.

შემდეგ ჯერი 2010 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე დადგა: 2008 წლის 6 სექტემბერს მაინცში “ვუმასპინძლეთ” კელტებს და კვლავ ვერაფერი გავაწყეთ. ლევან ყენიას გვიანმა გოლმა მხოლოდ ანგარიში დაასველა. ირლანდიელთაგან დოილმა და უელანმა იხეირეს.

დუბლინში კი, მეტი პრობლემა შევუქმენით მეტოქეს: პირველივე წუთზე ალექსანდრე იაშვილის გოლით წინ გავედით კარგა ხანს ვიგებდით. თუმცა, მერე საქმეში მსაჯი ჩაერია და 72-ე წუთზე ჩვენს კარში პენალტი მოიგონა, რომელიც რობი კინმა ზუსტად დაარტყა. დარჩენილ დროში “ჯვაროსნები” გატყდნენ და კინმა ხუთ წუთში დუბლი გაიფორმა - 1:2.

ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლიც უსიამოვნოდ გვახსენდება და მითუფრო ირლანდიასთან: თბილისში ეიდენ მაკგიდის დუბლს თორნიკე ოქრიაშვილის ულამაზესი გოლით ვუპასუხეთ, ხოლო დუბლინში, 2015 წლის 7 სექტემბერს, მინიმალურად წააგო კახა ცხადაძის ნაკრებმა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ჯონ უოლტერსმა 69-ე წუთზე გაიტანა.

ირლანდია მარადმწვანე მეტოქედ გვექცა, 2018 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლშიც ჩვენი მოწინააღდეგე იყო. ამჯერად, საქართველოს ნაკრებმა კელტებს ორივე თამაშში დიდი წინააღმდეგობა გაუწია.

2016 წლის 6 ოქტომბერს, დუბლინში, ვლადიმირ ვაისის გუნდი არაფერში ჩამოუვარდებოდა მეტოქეს და რიგ ეპიზოდებში აჯობა კიდეც. მარტო ის რად ღირს, რომ პირველ ტაიმში ორჯერ ძელმა გადაარჩინა ირლანდიელები. თუმცა, 56-ე წუთზ სეამუს კოულმენისგან ცოტა არ იყოს, კომიკური გოლი გავუშვით და ზედიზედ მერვე თამაში წავაგეთ ირლანდიასთან.

ნავსი, რომლის გატეხვას 14 წელი და 8 მატჩი ველოდებოდით, 2017 წლის 2 სექტემბერს გატყდა. შეინ დაფმა მეოთხე წუთზე დააწინაურა სტუმრები და თითქოს განგება კარგს არაფერს გვიქადდა, მაგრამ ზუსტად ნახევარ საათში ვაკო ყაზაიშვილმა გაათანაბრა და მერე ანგარში აღარ შეცვლილა. ირლანდიას კი, თბილისში დაკარგული ორი ქულა, მუნდიალის გარეშე დარჩენად დაუფასდა. საბოლოოდ, მარტინ ონილის გუნდი ლიდერ სერბეთს სწორედ ორი ქულით ჩამორჩა და პლეი-ოფში მოუწია მუნდიალის საგზურისთვის ბრძოლა, სადაც დანიასთან დამარცხდა. ეს კი, ჩვენთვის მაინც სასიამოვნო ამბავი იყო, რადგან ერთხელ მაინც მოვახერხეთ იმ ნაკრების გამწარება, რომელიც საქართველოს ნაკრებისთვის ყველაზე უხერხული მეტოქეა ისტორიაში...

კალენდარი

II ტური, 26 მარტი. ირლანდია - საქართველო

VI ტური, 12 ოქტომბერი. საქართველო - ირლანდია

ზოგადი ინფორმაცია

ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში:

რობი კინი (1998-2016) - 146 თამაში, 68 გოლი

შეი გივენი (1996-2016) - 134 თამაში, 0 გოლი

ჯონ ოში (2001-2018) – 118 თამაში, 3 გოლი

კევინ კილბეინი (1997-2011) – 110 თამაში, 8 გოლი

სტივ სტონტონი (1988-2002) – 102 თამაში, 7 გოლი

საუკეთესო ბომბარდირები

რობი კინი (1998-2016) – 146 თამაში, 68 გოლი

ნილ ქუინი (1986-2002) – 91 თამაში, 21 გოლი

ფრენკ სტეპლეტონი (1977-1990) – 71 თამაში, 20 გოლი

დონ გივენსი (1969-1981) – 56 თამაში, 19 გოლი

ჯონ ოლდრიჯი (1986-1997) – 69 თამაში, 19 გოლი

ტონი კასკარინო (1985-2000) – 88 თამაში, 19 გოლი

სამწვრთნელო შტაბი

მთავარი მწვრთნელი: მიკ მაკარტი

მწვრთნელის ასისტენტები: ტერი კონორი და რობი კინი

მეკარეების მწვრთნელი: ალან კელი

ფიფას რეიტინგი: 33-ე ადგილი

0.118963