ფეხბურთი

23:05 | 10.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის სტადიონზე სამშენებლო სამუშაოები გრძელდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ბათუმში მშენებარე სტადიონის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. სამუშაოები გეგმისამებრ მიმდინარეობს და სარბიელიც ნელ-ნელა ისეთ სახეს იღებს, ქართული ფეხბურთის ქომაგს რომ გაუხარდება.

ამ დროისთვის ბეტონის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. დაწყებულია ლითონის კონსტრუქციების მონტაჟი და სტადიონის გადახურვა. პარალელურად შიდა სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ტიხრების, ტრიბუნების, საკომუნიკაციო ქსელების მოწყობას, სტადიონის კედლების მონტაჟს და ფასადის მოპირკეთებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ სტადიონი უეფა-ს IV კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. სამუშაოებზე 400 ადამიანია დასაქმებული.
სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: მედიის, ავტობუსების, სპორტსმენების და VIP. ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.
სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის სექტემბერში დასრულდება.

0.158279