ჭადრაკი

19:44 | 10.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯავახიშვილმა ძალები ბასკურ ჭადრაკში სცადა

პოლონეთის ქალაქ ვროცლავში გრძელდება საჭადრაკო დაპისრისპირება პოლონეთისა და მსოფლიოს ნაკრებთა შორის, რომელიც კრისტინა ჰოლუი-რაძიკოვსკას მემორიალის ეგიდით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ნაკრების ღირსებას ქართველი ლელა ჯავახიშვილიც (2464) იცავს, მისი თანაგუნდელები კი გერმანელი ელიზაბეტ პაეტცი (2487), ფრანგი ალმირა სკრიპჩენკო (2408), ყაზახი ჟანსაია აბდუმალიკი (2470) და ინდოელი დრონავალი ჰარიკა (2494) არიან.
პოლონელთა მაისურით იოლანტა ზავადსკა (2423), კლაუდია კულონი (2333), კარინა შჩეპკოვსკა (2408), მონიკა სოცკო (2458) და ანა ვარაკომსკა (2233) თამაშობენ.
მეტოქეებმა თავდაპირველად ერთ წრედ კლასიკური პარტიები მოილიეს, რომელმაც გამარჯვებული ვერ გამოავლინა: შეხვედრა 5:5 დასრულდა.
შემდეგ ჯერ ე.წ. ბასკურ ჭადრაკზე მიდგა, როდესაც 2 პარტია ერთდროულად მიმდინარეობს, დროის კონტროლი კი ასეთია 15+10.
საერთო ჯამში, თითოეულ მონაწილეს 10 პარტიის ჩატარება მოუხდა. ჯავახიშვილმა შჩეპკოვსკას ორივე შეხვედრა მოუგო, კულონთან 2-ვეჯერ დამარცხდა, ვარაკომსკას 2 ქულა აართვა, სოცკოსთან მხოლოდ ნახევარ ქულას გამორჩა, ზავადსკასთან კი ქულები გაიყო.
შედეგად, ქართველმა მოჭადრაკემ გუნდს 5.5 ქულა შესძინა და გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა. საბოლოო ჯამში, მსოფლიოს ნაკრებმა, რომელიც ფავორიტად მოიაზრებოდა, 30.5:20.5 მოიგო.
ვროცლავში მიმდინარე დაპირისპირების ბოლო ეტაპი სწრაფ ჭადრაკს ეთმობა. პოლონეთისა და მსოფლიოს ნაკრებთა შეხვედრა 11 დეკემბერს დასრულდება.

0.12125