„რივერ პლეიტმა“ დაუძინებელი მტერი „ბოკა ხუნიორსი“ დაამარცხა და ლიბერტადორესის თასის ისტორიაში მეოთხედ მოიგო. თუმცა, ორი აზრი არაა, „მილიონაროსის“ ქომაგებისთვი ეს დღე და ეს გამარჯვება ისტორიაში ყველაზე ფასეულია.
„სუპერკლასიკოს“ ფინალის პირველი მატჩი „ბომბონერაზე“ ფრედ 2:2 დასრულდა და საპასუხო შეხვედრა 24 ნოემბერს, „მონუმენტალზე“ უნდა გამართულიყო. თუმცა, ცნობილი ექსესების გამო გადაიდო. და, კონმებოლის გადაწყვეტილებით შეხვედრა მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩაინიშნა.
შეხვედრა არ გამოდგა მაინც და მაინც, თვალსასეირო და მაღალ ხარისხის ფეხბურთელი არ ყოფილა, მაგრამ იყო უაღრესად დაძაბული 120 წუთი. „ბოკა“ პირველ ტაიმში ოდნავ უკეთ გამოიყურებოდა და ტაიმის შუაწელს კაპიტანი პაბლო პერესი ახლოსაც იყო გოლთან. საბოლოოდ, გილერმო ბაროს შელოტოს გუნდმა ტაიმი მაინც მოიგო. 44-ე წუთზე „ბოკამ“ ძალიან მაგარი კონტრშეტევა წამოიწყო, ნანდესის ბრწყინვალე პასის შემდეგ დიდებულად ითამაშა დარიო ბენედეტომ, რომელიც მცველს ადვილად გაუსწორდა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ანგარიში გახსნა.
შედეგად, ორრაუნდიან ბრძოლაშ „ბოკამ“ მესამედ წაიყვანა ანგარიში. თუმცა, მეორე ნახევარში „რივერი“ გამოფხიზლდა და 68-ე წუთზე გათანაბრა. ფერნანდესის გადაცემის მერე ლუკას პრატომ ერთი შეხებით შეაგდო და მარსელო გალაირდოს გუნდმა მესამედ გაათანაბრა (ორრაუნდიანი მატჩების ჯამში).
ძირითად დროში არაფერი შეცვლილა. ვინაიდან სამხრეთ ამერიკაში სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობა არ მოქმედებს, ყველაფერი დამატებით დროზე მიდგა. იქ კი „ბოკასთვის“ კარგი არაფერი მომხდარა. 92-ე წუთზე კოლუმბიელმა ბარიოსმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და საკუთარი გუნდი დააღალატა. „რივერმა“ კი 108-ე წუთზე მოახერხა წინ გასვლა. კინტერომ ულამაზესი და უძლიერესი დარტყმით საჩემპიონო გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში კაცნაკლულ „ბოკა ხუნიორსს“ შეეძლო გათანაბრება, 120-ე წუთზე „რივერი“ ძელმა იხსნა და მალევე, კონტრშეტევის შანსი მიეცა. მეკარე ანდრადამ ბოლო წუთები „რივერის“ საჯარიმოში გაატარა და მარტინესმა ცარიელ კარში მესამედ დაამწუხრა მეტოქე.
საბოლოოდ, 3:1 „რივერ პლეიტის“ სასარგებლოდ. „რივერმა“ 2015 წლის შემდეგ ისევ მოიპოვა სამხრეთ ამერიკის უძლიერესი გუნდის სახელი, ისტორიაში კი, მეოთხედ. რაც შეეხება „ბოკა ხუნიორსს“, მას ისევ 6 ტიტული დარჩა და ბოლო 6 წელიწადში ფინალი მეორედ წააგო.
„რივერის“ ისტორიაში კი, ეს დღე სამუდამოდ ოქროს ასოებით ჩაეწერება.
„რივერ პლეიტი“ – „ბოკა ხუნიორსი“ 3:1 დ.დ (0:1) VIDEO
მადრიდი, „სანტიაგო ბერნაბუე“
„რივერ პლეიტი“ (4-1-4-1): არმანი; მონტიელი (მაიადა 74), მაიდანა, პინოლა, კასკო; პონსიო (კინტერო 58); ფერნანდესი (ძუკულინი 111), პალასიოსი (ალვარესი 97), მარტინესი; პრატო
მწვრთნელი: მარსელო გალიარდო
„ბოკა ხუნიორსი“ (4-3-3): ანდრადა; ბუფარინი (ტევესი 111), იზკერდესო, მაგალინი, ოლასა; ნანდესი, ბარიოსი, პერესი (გაგო 89); ვილა (ხარა 96), ბენედეტო (აბილა 62), პავონი
მწვრთნელი: გილერმო ბაროს შელოტო
გოლები: 0:1 ბენედეტო (44), 1:1 პრატო (68), 2:1 კინტერო (109), 3:1 მარტინესი (120+2)
გაფრთხილება: პონსიო (27), ფერნანდესი (81), მაიდანა (83), კასკო (120) - პერესი (43), ბარიოსი (87, 92), ტევესი (120)
გაძევება: ბარიოსი (92)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 18 (6) – 14 (3) ბურთის ფლობა: 66%-34% კუთხურები: 8:5 თამაშგარე: 0:2
მსაჯი: ანდრეს აკუნა (ურუგვაი)