კალათბურთი

13:35 | 9.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ანდრონიკაშვილი კარიერას ბურგოსის გუნდში აგრძელებს

17 წლის ქართველი კალათბურთელი რატი ანდრონიკაშვილი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში უკვე რეგულარულად იწვევენ, მიმდინარე სეზონიდან კარიერას ესპანურ ”მირაფლორეს ბურგოსში” აგრძელებს.

ეს გუნდი რანგით მე-4 ლიგაში (EBA) ირიცხება, სადაც კიდევ ერთი ქართველი კალათბურთელი ლუკა ბულაშვილი ასპარეზობს. “მირაფლორეს ბურგოსი” A-A ჯგუფში ირჯება და 9 ტურის თავზე 6 მოგებით მეხუთე-მეშვიდე ადგილებს ინაწილებს.
ანდრონიკაშვილს ესპანურ გუნდში დებიუტი ნოემბერში ჰქონდა, როდესაც ბურგოსის უნივერსიტეტთან დერბიში 23 წუთში 15 ქულა (6-დან 3 ორქულიანი და 12-დან 9 საჯარიმო), 3 მოხსნა, 4 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა.
გუშინ, “მირაფლორეს ბურგოსმა” “გოიერის” 100:75 სძლია, ქართველი უკანახაზელი კი თამაშში ისევ სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 17 წუთში 9 ქულა, 2 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.
რატიმ 4-დან 3 ორქულიანი და სამქულიანი გამოიყენა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო. ბურგოსელებს ესტონელმა რობერტ ვალგემ ულიდერა, რომელმაც 39 ქულა ჩააგდო.
ქართველი ლეგიონერის გუნდი მომდევნო მატჩს 16 დეკემბერს “არდოისთან” გამართავს.

0.144301