ფეხბურთი

2:22 | 9.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

სკანდალი "ოქროს ბურთის" გარშემო: გამოკითხვაში მონაწილეობა არარსებულმა ადამიანმა მიიღო

France Football-ისა და "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ირგვლივ სკანდალია. ესპანური გამოცემა Marca საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ხმის მიცემის დროს მთელი რიგი შეცდომები და დარღვევები გამოვლინდა. საქმე ისაა, რომ „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში არარსებულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

კომორის კუნძულების გამოცემა Albaladcomores.com-ის ჟურნალისტმა აბდუ ბოინამ „ოქროს ბურთზე“ თავისი არჩევანი გააკეთა, მაგრამ ასეთი ადამიანი უბრალოდ არ არსებობს. მეტიც, ვებგვერდი Albaladcomores.com-ი 6 წლის წინ დაიხურა.

„გამიკვირდა, როდესაც გამოცემა „ალბალად კომორი“ სიაში დავინახე, რადგან ჩემი ინფორმაციით დაიხურა“, - თქვა ფოტოგრაფმა ტოიმიმუ აბდუმ.

აბდუს სიტყვები დაადასტურა კომორის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა სტეფან აჰამადმა და დაამატა: „არანაირი აბდუ ბოინა ჩვენს ასოციაციაში არ არსებობს“.

თუმცა, ეს ყველაფერი არაა. ტრინიდადელი ჟურნალისტი ლასანა ლიბურდი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი არჩევანი France Football-მა შეცვალა.

„პირველ ადგილზე მესი გავიყვანე, შემდეგ მოდრიჩი, რონალდუ, სალაჰი და გრიზმანი. მათ კი ჩემი ხმები პირიქით დაითვალეს, გრიზმანი, სალაჰი, რონალდუ, მოდრიჩი და მესი“, - დაწერა ლიბურდმა.

მოკლედ, France Football-ი სკანდალში გაეხვა, თუმცა, ფრანგულ გამოცემას ჯერჯერობით ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, ლუკა მოდრიჩმა "ოქროს ბურთი" კარიერაში პირველად მოიგო. ხორვატმა დიდი უპირატესობით აჯობა კრიშტიანუ რონალდუსა და ანტუან გრიზმანს.

0.104908