საქართველოს სუპერთასი 12 დეკემბერს გათამაშდება. ლეგენდარული მწვრთნელისა და მოთამაშის, ოთარ ქორქიას სახელობის ტიტულს “დინამო თბილისი” და “ქუთაისი” გაითამაშებენ.
ტრადიციულად, სუპერთასი სეზონის დასასრულს, მაისის თვეში იმართებოდა, თუმცა გუნდებისთვის მოსახერხებლად, 2 წელია, ამ ტიტულის გათამაშება სეზონის დასაწყისში გადმოვიდა. სუპერთასისთვის ერთმანეთს ჩემპიონი და საქართველოს თასის მფლობელი გუნდები უპირისპირდებიან.
გასული სეზონის სუპერლიგის გამარჯვებული “დინამოა”, ხოლო თასის მფლობელი – “ქუთაისი”. სწორედ ეს გუნდები შეხვდნენ წინა, 2017-18 წლების სეზონის სუპერთასის გათამაშებაში და მაშინ ტიტული დინამოელებს დარჩათ.
ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასის მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 12 დეკემბერს, 16:00 საათზე გაიმართება.
www.gbf.ge