23 წლის ქართველი კალათბურთელი გიგა ჯანელიძე კარიერას კალიარის “დინამოში” გააგრძელებს. ქართველი ფორვარდი ჯერაც “ალმა ტრიესტეს” კუთვნილებაა, რომელთანაც კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს, თუმცა, სეზონის ბოლომდე სარდინიელთა მაისურით ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ გიგას ოქტომბრის დასაწყისში დიდი უიღბლობა შეემთხვა. ჩვენებური ტრიესტელთა მაისურით იტალიის სერია A-ში პირველი მატჩის ჩასატარებლად ემზადებოდა და ისე მოხდა, რომ სასტარტო ტურში “ვირტუს ბოლონიასთან” მატჩში სასტარტო ხუთეულშიც მოხვდა.
ცხადია, ქართველი ლეგიონერი მოედანზე უდიდესი მოტივაციით გავიდა, თუმცა, ოთხიოდ წუთის თავზე მოხსნისთვის ბრძოლის დროს ფეხი გადაიბრუნა და მოედნიდან მხოლოდ თანაგუნდელთა დახმარებით გავიდა...
გასაკვირი არ ყოფილა, რომ “ალმა ტრიესტემ” ჯანელიძის შემცვლელის ძებნა დაიწყო და არჩევანი ლატვიის ნაკრების კალათბურთელ ოიარს სილინსზე შეაჩერა. კონკურენციის ზრდის პირობებში, ქართველი ფორვარდი არჩევანის წინაშე დადგა და გადაწყვეტილებაც მიიღო. სიტუაციაში უკეთ გასარკვევად გიგას იტალიაში შევეხმიანეთ.
“ჩემი ტრავმიანობის პერიოდში გუნდში ვითარება შეიცვალა. დაიმატეს ლატვიელი სილინსი, რომლის შემადგენლობიდან ამოგდება ძალიან გაჭირდებოდა. ამას გარდა, ვადაზე ადრე მომჯობინდა მატეო და როსი, რომელსაც მაჯის ოპერაციის გამო, ჯერ ვერ უნდა ეთამაშა, თუმცა, უკვე მწყობრშია.
საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ 4 და 5 ნომრებზე საოცარი კონკურენცია შეიქმნა. მოედანზე ადგილისთვის ჯასტინ ნოქსი, ჰრვოე პერიჩი, ვილიამ მოსლი, და როსი, ალესანდრო ციტადინი და სილინსი იბრძვიან.
გამოჯანმრთელების მერე, სწორედ ამ კონკურენციაში მომიწევდა ჩართვა. ამიტომაც, გუნდმა სეზონის ბოლომდე სხვაგან წასვლა და ფორმაში შესვლა შემომთავაზა, რაც ჩემთვისაც მისაღები იყო.
“დინამო კალიარი” სერია A2-ში თამაშობს და წესით, საშუალოდ 30 წუთი უნდა მქონდეს, ეს კი, სარეაბილიტაციო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ეს გუნდი ახლა თავის დივიზიონში ბოლო ადგილზე კი იმყოფება, თუმცა, ჩემთვის მთავარი ისაა, რომ სეზონის მერე დანამდვილებით “ალმა ტრიესტეში” ვბრუნდები.
მოედანზე როდის გავალ, ამის თქმა ჯერაც მიჭირს, თუმცა, წლეულს, ალბათ, ეს აღარ მოხდება. სერია ა2-ში სეზონი აპრილის მიწურულს სრულდება და მთავარია, მანამდე, საკმაო რაოდენობის თამაშები დამიგროვდეს, სადაც სტატისტიკაც კარგი მექნება”.
დასასრულ დავძენთ, რომ “კალიარი დინამოს” ჩემპიონატის გასულ ათ ტურში მხოლოდ 1 მოგება აქვს და სერია A2-ს აღმოსავლეთ დივიზიონში ბოლო მე-16 ადგილზეა. გუნდს მომდევნო მატჩი ხვალ, 9 დეკემბერს, სტუმრად, “პომპეასთან” ელის.
სარდინიელთა მთავარი მწვრთნელი რიკარდო პაოლინი გახლავთ, გუნდში კი მხოლოდ 2 ამერიკელი ლეგიონერია: მცველი ენტონი მაილსი და ფორვარდი ჯასტინ ჯონსონი.